აია-სოფიამ შესაძლოა მუზეუმის სტატუსი დაკარგოს და მეჩეთად გადაკეთდეს

Times of Israel – ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაი ერდოღანი, განიხილავს აია-სოფიას სახითხს.

„მუნიციპალური არჩევნების შემდეგ ჩვენ ჭეშმარიტ სტატუსს დავუბრუნებთ “აია-სოფიას”. რას ნიშნავს ეს? ჩვენ შევცვლით მუზეუმის სტატუსს მეჩეთზე. ტრამპი აცხადებს, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია. გოლანის მაღლობებს ოკუპანტ ისრაელს აძლევს. პასუხს ამაზე თურქეთიდან მიიღებთ. გადასახადის გაუქმება შეუძლებელი არ არის, მაგრამ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ მუზეუმის სახელწოდების ქვეშ, არამედ აია სოფიას მეჩეთის სახელით“, – ასეთია ერდოღანის ოფიციალური განცხადება.

თურქეთის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საპასუხოდ მიიღო, რომელმაც იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად, ხოლო გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს,რომ თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტმა რელიგიის როლი ერთიორად გაზარდა, რასაც პირდაპირპროპორციულად მოჰყვა ერდოღანის პოლიტიკური როლის ზრდაც.

“ერთი საკითხია დასავლური თურქეთი, თუმცა, თუ დავაკვირდებით თურქეთის ბოლოდროინდელ შიდა პოლიტიკურ პროცესებს, რელიგიის როლი საკმაოდ გაიზარდა, მათ შორის – ისლამის და ის გახდა ძალიან სერიოზული პოლიტიკური ფაქტორი. თურქეთის დღევანდელი პოლიტიკაა, გახდნენ მუსლიმანების ხმები მსოფლიოში. ერდოღანი ცდილობს დაიცვას მუსლიმანი მოსახლეობის ინტერესები. ამიტომაცაა, რომ ბოლო პერიოდში ისრაელსა და თურქეთს შორის ძალიან დაძაბული ურთიერთობა არსებობს”, – აღნიშნა საყვარელიძემ.

ისტორიკოსი და ეთნოლოგი, როზეტა გუჯეჯიანი კი თურქეთის ამ განაცხადს ცალსახად უარყოფითად აფასებს.

„აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება,  ბუნებრივია, არ არის შესაბამისი პასუხი, რადგან “აია-სოფია” ისტორიული ძეგლია და თურქეთმა პატივი უნდა სცეს რელიგიურ სიწმინდეებს, მათ შორის, ქრისტიანულ სიწმინდეებს საკუთარ ტერიტორიაზე. ტრამპის გადაწყვეტილებაც იყო ნაჩქარევი, ისევე, როგორც იერუსალიმის გამოცხადება ისრაელის დედაქალაქად. ჩემი აზრით, თურქეთს უნდა დამოეყენებინა გოლანის მაღლობების საკითხი გაერო-ს გენერალური ანამბლეის სხდომაზე და ეს საკითხი შეეტანა დღის წესრიგში,“ – ამბობს ისტორიკოსი.

პოლიტოლოგების უმრავლესობა მიიჩნევს რომ აშშ-ისა და თურქეთის ურთიერთობის დაძაბვა საქართველოსათვის წამგებიანი იქნება. მათი მტკიცემით, რუსეთის აგრესიული ქმედებების გასამკლავებლად ჩვენთვის სასიცოცხლოდ საჭიროა აშშ-თურქეთის პოზიციების დაახლოება და არა გათიშვა.

წმინდა სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში ათას წელზე დიდხანს ყველაზე დიდ ტაძრად ითვლებოდა ქრისტიანულ სამყაროში. ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ ის მეჩეთად გადაკეთდა, თუმცა 1934 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის შესაბამისი დეკრეტის საფუძველზე ის მუზეუმი გახდა და იუნესკოს დაცულ ძეგლთა სიაში მოხვდა.

ავტორი: ბელა გელაშვილი

მსგავსი თემები