ევროპული ავიაკომპანიები თელ-ავივის მიმართულებით ფრენებს წყვეტენ

ისრაელის წინააღმდეგ ჰამასის ტერორისტული თავდასხმის გამო, რიგმა ავიაკომპანიებმა შაბათს თელ-ავივის მიმართულებით ფრენები გააუქმეს.

ფართომასშტაბიანი თავდასხმის გამო ავიაკომპანია Lufthansa ავიარეისების რაოდენობას ამცირებს.

,,ერთი რეისი თელავივიდან ფრანკფურტის მიმართულებით ამ შაბათს შესრულდება: Lufthansa-ს ყველა სხვა რეისი თელ-ავივის მიმართულებით და უკან ამ შაბათისთვის გაუქმებულია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ფრანკფურტის აეროპორტის მთავარ გვერდზე შაბათს დაგეგმილი Lufthansa-ს ორი რეისი თელ-ავივის მიმართულებით გაუქმებულად მოინიშნა.

შვეიცარიულმა ავიაკომპანია Swiss-მა, რომელიც Lufthansa-ს შვილობილი კომპანიაა, ისრაელის მიმართულებით ფრენები განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.

ინდუსტრიული გამოცემის AeroTelegraph-ის ცნობით, რამდენიმე თვითმფრინავმა კურსი შეცვალა. Wizz Air-ის თვითმფრინავი, რომელიც რომიდან მიფრინავდა, თელავივის ნაცვლად იტალიის დედაქალაქში დაბრუნდა. ავიაკომპანიის კიდევ ერთი თვითმფრინავი თელ-ავივის ნაცვლად ლარნაკაში დაეშვა.

გამოცემის ცნობით, თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავი კვიპროსის მახლობლად შემობრუნდა.

გარდა ამისა, პოლონურმა გადამზიდავმა LOT-მა ასევე გააუქმა შაბათის ფრენები თელ-ავივის მიმართულებით.

მსგავსი თემები