ქუთაისში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანა აშენდება

  •  

თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად, ამიერკავკასიაში ეკომიმართულებით მომუშავე, პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის პრეზენტაციას დაესწრო.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ის, როგორც დედაქალაქის მერი, მოხარულია, რომ თბილისში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.

„ ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ aigroup-თან ერთად, რათა ეს პროექტი განხორციელებულიყო. თბილისი არის ევროპული ქალაქი, რომელიც ყოველთვის იწვევს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანების ინტერესს. დღეს უბედნიერესი ვარ, რომ ეს პროექტი ხორციელდება. მთელი მსოფლიო მწვანე ენერგიის მიმართულებით ვითარდება და, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა გამონაკლისი ვერ იქნებოდა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო aigroup-ის დამფუძნებლებს მხარდაჭერისთვის,“ –  განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად დაწყებულია მასშტაბური სამუშაოები. ესაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება. მერის ინფორმაციით, წლის ბოლოსთვის ქალაქში ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები გვეყოლება, გვექნება განახლებული მეტროს ვაგონები.

თბილისის მერმა ე.წ. "ქარშეარინგის" არსი კიდევ ერთხელ განმარტა. მისი თქმით, ელექტრომობილები განთავსებული იქნება თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე და მსურველს, სპეციალური აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ, საშუალება ექნება, ავტომანქანით ისარგებლოს, შემდეგ კი ნებისმიერ ადგილზე დატოვოს.

დედაქალაქის მერმა, ასევე, წარადგინა მზის პანელები, რომლებიც ქუჩებზე იქნება განთავსებული, ელექტრომობილების დატენვის მიზნით.

როგორც ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, საქართველოში პირველი ქართული ელექტრომობილების წარმოება ქუთაისში აშენებულ თანამედროვე სტანდარტების ქარხანაში დაიწყება. შეიქმნება მანქანების ქართული ბრენდი, რომელიც ელექტრომანქანებით მოამარაგებს არამხოლოდ ქართულ ბაზარს, არამედ კავკასიის რეგიონს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას.

მსგავსი თემები