ირაკლი ღარიბაშვილი: „ქართული ოცნება“ არასდროს დაუშვებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას“

ზუგდიდში „ქართული ოცნები“ ლიდერები ამომრჩეველს შეხვდნენ და მერობის კანდიდატად გეგა შენგელია წარადგინეს. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვევად სიღარიბე და უმუშევრობა დაასახელა. მისივე თქმით, ქვეყანაში ზედმეტად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოა. ადამიანები ხელოვნურად ცდილობენ მუდმივად დაძაბულობის შემოტანას საზოგადოებაში, რაც მხოლოდ უარყოფით შედეგებს მოუტანს ქვეყანას.

„დღეს ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს გაერთიანება. ჩვენ უნდა  ვაჩვენოთ ხალხს და მითუმეტეს მტერს, რომ ჩვენ ვართ ერთიანი, რომ ჩვენ გვაქვს ერთიანი მიზანი, მიზანი არის მთავარი, რომელიც ჩვენ გაგვაერთიანებს. რა არის ჩვენი მიზანი? რა არის ჩვენი ქართული ოცნება? რა არის თითოეული ქართველის ოცნება? ეს არის ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო.

ქართული ოცნების პოლიტიკურმა მდივანმა საკუთარ გამოსვლაში აფხაზეთიც მოიხსენია.

„ სულ რამდენიმე კილომეტრში ჩვენი ტკივილი და ჩვენი სიამაყე – აფხაზეთია. აქაც მინდა იგივე გავიმეორო, რომელიც უკვე ვახსენე, თუ ჩვენ ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს არ ვაჩვენეთ, რომ ვართ სტაბილურად, რომ ვვითარდებით, რომ ვართ ძლიერები, ვართ ერთიანი, ჩვენ მათ ვერ დავარწმუნებთ იმაში, რომ დადგა გაერთიანების დრო. ამიტომ ეს უნდა გვახსოვდეს, ჯერ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, საზოგადოება უნდა გაერთიანდეს საერთო მიზნის გარშემო და ეს მიზანი უნდა იყოს ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო,ამის შემდეგ ჩვენ უნდა შემოვიერთოთ ჩვენი ძმები და დები, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზეთი,“ – მიმართა შეკრებილ ხალხს ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა ოპოციციას დესტრუქციული, არა კონსტრუქციული, რევანშისტული უწოდა. მისივე განმარტებით, „ქართული ოცნება“ არასდროს დაუშვებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას.

 „ხშირად ჩვენ გვსაყვედურობენ, მათ შორის ჩვენი მომხრეებიც, რომ რით ვერ დავასრულეთ 9 წლიან რეჟიმზე საუბარი. ჩვენ ამის სურვილი არ გვაქვს. ამას ჩვენ გვაიძულებენ ის რევანშისტული, დესტრუქციული ძალები, რომლებიც ჯერ კიდევ აცხადებენ პრეტენზიას არა თუ პოლიტიკაში დარჩენის, არამედ ხელისუფლებაში დაბრუნების, რასაც, ჩვენ ვპირდებით თქვენთან ერთად, რომ არასოდეს  დავუშვებთ. საქართველოში აღარ დაბრუნდება ძალადობრივი რეჟიმი, ის რეჟიმი, რომელმაც ჩვენი ეს ძვირფასი მხარე, ჩვენი სამეგრელო, ჩვენი სიამაყე, ძალიან გაანაწყენა, ძალიან გაამწარა. ჩვენი გუნდი, საერთო ძალისხმევით მოწოდებულია მაქსიმალურად დავაჩქაროთ ყველა ის პროექტი, რომელიც დაწყებულია სამეგრელოში, მაქსიმალურად სწრაფი ტემპებით განვავითაროთ ქვეყანა და ვიყოთ თქვენს სამსახურში,“ – მიმართა შეკრებილ ხალხს ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები