საბანკო რეგულაციებმა მომხმარებელიც დააზარალა და სამშენებლო ბიზნესიც

მას შემდეგ, რაც საქართველოში იპოთეკური სესხის აღების პირობები გამკაცრდა, ამ ტიპის სესხები მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი აღარ არის. ამან მყიდველებსაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა და დეველოპერებსაც, რადგან ბინები იმ რაოდენობით აღარ იყიდება, როგორც ადრე იყიდებოდა.

სამშენებლო კომპანიის „მშენებლის“  მარკეტინგის მენეჯერი, მარიამ აფრიდონიძე, მედიაცენტრ „მთავართან“ საუბრისას ამბობს რომ საბანკო რეგულაციების ამოქმედებიდან 3 თვის თავზე რეალიზაცია 40%- ით შემცირდა. მარკეტინგის მენეჯერი განმარტავს, რომ ეს ნიშნავს შემოსავლის კლებას და თუ ამან შეუქცევადი ხასიათი მიიღო, კომპანია გაკოტრდება.

 „ამჟამად ჩვენს ბიზნესში გაურკვეველი სიტუაციაა, ბინების რეალიზაცია მინიმუმამდე დაეცა. კომპანიას შემოსავალი თუ არ ექნება და შემოსავალი გასავალს ვერ გადააჭარბებს, გაღარიბდება და ბოლოს გაკოტრდება. ჩვენს ბიზნესს ემიგრანტები აცოცხლებდნენ, ახლა მათი აქტიურობაც შემცირებულია. სესხები  ბიზნესისთვისაც ხელმიუწვდომელი გახდა, რაც ჩვენთვის დიდი დისკომფორტია“ – განმარტავს აფრიდონიძე.

„მენაშენეთა ასოციაციის“ პრეზიდენტი, ირაკლი როსტომაშვილი კი აცხადებს, რომ თუ სიტუაცია არ შეიცვლება, სამშენებლო კომპანიების ნაწილი ჩაიძირება და ძალიან ბევრი ადამიანი სამუშაოს დაკარგავს.

„ მშენებარე და ახალაშენებული ბინების რეალიზაცია პრობლემა გახდა. კომერციული ბანკი იმისთვის არსებობს, რომ ადამიანი მივიდეს, სესხი აიღოს, მოელაპარაკოს და იმ ვადაში, იმ გრაფიკით, იმ პირობებში დაფაროს სესხი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. ამ პროცესში სახელწიფო და მთავრობა არ უნდა ერეოდეს. თუ ევროკავშირი და საბაზრო ეკონომიკა გვინდა, თავისუფალ საბაზრო ურთიერთობებსაც  უნდა შევეჩვიოთ. რეგულაცია, რომლითაც იპოთეკური სესხების გაცემა  შეიზღუდა,  ძალიან მოკლე პერიოდში შევიდა ძალაში. არც მოსახლეობა და არც ბიზნესი ამ რეგულაციისთვის მზად არ იყვნენ, რამაც მყისიერად უარყოფითი გავლენა იქონია ბაზარზე,“ – განაცხადა როსტომაშვილმა.

 „მენაშენეთა ასოციაციის“ პრეზიდენტი მხარს უჭერდა საბანკო რეგულაციბის ნელ-ნელა ამოქმედებას. ახალი დათქმები ხელისუფლებამ უნდა შეათანხოს მიზნობრივ ჯგუფთან და მისცეს ვადა, რომლის დროსაც ახალ რელსებზე გადაწყობას მინიმალური დანაკარგით შეძლებს. მით უმეტეს, საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს არა აქვს ოფიციალურად გაფორმებული და დასაბუთებული შემოსავალი, მათ შორის, ემიგრანტებსაც, რომლებზეც მოდის ბინის მყიდველთა მეტი წილი.

„ ახალი რეგულაციის გამო, ემიგრანტებს ბანკები სესხს არ აძლევენ. ასეთი სერიოზული ცვლილებები ისეთ ვადებში უნდა განხორციელდეს, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა არ შეაფერხოს. ეჭვგარეშეა, რომ დღეს შექმნილი სიტუაცია სამშენებლო კომპანიებს გადაულახავ პრობლემებს შეუქმნის. ბევრი მათგანი საქმიანობას შეაჩერების ზღვარზეა, რაც იმას ნიშნავს რომ  სამშენებლო სექტორში დასაქმებულები უმუშევართა დიდი არმიას შეუერთდებიან,“  – აცხადებს როსტომაშვილი.

უძრავი ქონების ბაზრის ექსპერტი, კომპანია „ეი ჯი ეს ჯგუფის“ დამფუძნებელი, შოთა გუჯაბიძე კი ამბობს, რომ ახალი საბანკო რეგულაციები უძრავი ქონების ბაზარზე ოლიგოპოლიების გაჩენის ერთგვარი ბიძგია. ექსპერტი განმარტავს, რომ დაკრედიტების ახალმა სისტემამ მოსახლეობას სესხის აღება გაურთულა და იპოთეკური სესხების მოცულობა 50%-ით შეამცირა. ცხადია, ეს ავტომატურად, პირდაპირპროპორციულად შეამცირებს უძრავი ქონების რეალიზაციას. ექსპერტი განმარტავს, რომ დეველოპერებს შორის არიან ფირმები, რომლებიც სხვებზე 20-25-ჯერ მეტს აშენებენ, ამ კომპანიებს თავისუფალი წვდომა აქვთ საკრედიტო რესურსზე და მათთვის მშენებლობის პროცესის დაფინანსებაც მარტივია. როცა 1-2 კომპანიას აშკარა უპირატესობა ენიჭება, მაშინ ის ფირმები, რომლებიც თავიანთი სახსრებით ცდილობენ მშენებლობის წარმოებას, თანდათან სუსტდებიან.

„არც ერთი ბანკი საქართველოში სრულად დეველოპერულ სესხს არ გასცემს. სამშენებლო კომპანიების 99%-ზე ისინი კრედიტებს არ გასცემენ, გასცემენ მხოლოდ რამდენიმე კომპანიაზე, რომელიც პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფება. ამიტომ, სამშენებლო კომპანიების ნაწილი ჩაიძირება, ხოლო მეორე ნაწილი – სულ სხვა სეგმენტში გადაინაცვლებს. სწორედ ამ პრობლემების გამო, ჩვენ  მივიღეთ გადაწყვეტილება, პროფილი შევიცვალოთ და სამშენებლო საქმიანობა სარემონტო და ტექნიკური სამუშაოებით ჩავანაცვლოთ. სავარაუდოდ, ჩვენსავით კიდევ ბევრი  კომპანია მოიქცევა,“ – განაცხადა გუჯაბიძემ.


იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს მოსახლეობას არა აქვს ფულადი რესურსი, უძრავი ქონება შეიძინოს, დეველოპერები ბინებს ვეღარ ყიდიან და იძულებულნი გახდნენ ფასები შეამცირონ, თუმცა ექსპერტები უახლოეს მომავალში ახალაშენებული ბინების ფასის მატებას პროგნოზირებენ.

ავტორი: ბელა გელაშვილი

მსგავსი თემები