მიხეილ გიორგაძე ძალოსანთა ეროვნული ნაკრების ვარჯიშს დაესწრო

 ბათუმში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონია გაიმართა. ჩემპიონატს ბათუმის ახალი სპორტის სასახლე 6-13 აპრილს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 40-ზე მეტი ქვეყნის 400 სპორტსმენი.  საქართველო დამოუკიდებლობის შემდეგ ევროპირველობას მეორედ მასპინძლობს. პირველად ეს მოხდა 2015 წელს, თბილისში, ძველ სპორტის სასახლეში.

ევროპირველობის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ და ევროპის ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელმა პირებმა.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ერთი თვეა ბათუმში, ახალ სპორტის სასახლეში გადის მოსამზადებელ შეკრებას. გიორგი ასანიძის გუნდი ევროპირველობაზე პრაქტიკულად ოპტიმალური შემადგენლობით გამოვა. გუნდთან ერთად არის ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, რომელიც, რა თქმა უნდა, მძიმეწონოსანთა შეჯიბრის უმთავრესი ფავორიტია. ევროპის ჩემპიონატზე გარდა მედლებისა, გათამაშდება ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა გახლავთ: შოთა მიშველაძე (61 კგ.), რამინ შამილიშვილი (61 კგ.), გოგა ჩხეიძე (67 კგ.), არჩილ მალაყმაძე (73 კგ.), ლომია თებიძე (81 კგ.), რევაზ დავითაძე (89 კგ.), ანტონ პლესნოი (96 კგ.), ირაკლი ჩხეიძე (102 კგ.), ლაშა ტალახაძე (+109 კგ.), ირაკლი თურმანიძე (+109 კგ.).

რეზერვშია: გიორგი დოკვაძე (55 კგ.), გოდერძი ბერდელიძე (61 კგ.), გიორგი ჩხეიძე (+109 კგ.).

მსგავსი თემები