აკაკი ზოიძე: „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ობიექტურობა საეჭვოა“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, აკაკი ზოიძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბოლო კვლევას ეხმაურბა. მისი თქმით, ორგანიზაციის  ბოლოდროინდელი განცხადებები და კვლევის შედეგები სულ უფრო და უფრო ემსგავსება პოლიტიკური პარტიის ფორმატს, ვიდრე  ობიექტური არასამთავრობო ორგანიზაციის მტკიცებულებებზე დაფუძნებულ კვლევას.

დეპუტატის  თქმით, კვლევის შეფასებითი ნაწილი, კითხვის დასმის ფორმა და მისი შედეგების ინტერპრეტაცია ვერ იქნება ობიექტური გამომდინარე იქიდან, რომ სასურველი პასუხი კითხვაშივე დევს.

„თუ კითხვა დაისვა ისე, რომ  კლანი არსებობს და კლანი ცუდია, რა თქმა უნდა ადამიანები გეტყვიან, რომ კლანი ზოგადად ცუდია იმიტომ, რომ ასოცირებულია მაფიასთან, მაფია ასოცირებულია ადამიანების უფლებების დარღვევასთან. არ მგონია,  ასეთი ფორმით კითხვის ფორმულირება  და მერე შედეგების ინტერპრეტაცია სწორი იყოს,“ – აცხადებს აკაკი ზოიძე.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით  „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ განახორციელა. კვლევის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით 1843 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 2,8 პროცენტს შეადგენს.

კვლევა მოიცავდა კითხვებს კორუფციის, სახელმწიფო და საზოგადოებირივი ინსტიტუტებისადმი ნდობის, ხელისუფლების ძირითადი შტოებისა და ორგანოების მუშაობის, საჯარო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.

კვლევიოს მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 1% ამბობს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში მათ ან მათი ოჯახის წევრებს ქრთამი მოსთხოვეს სახელმწიფო მომსახურების სანაცლოდ;

გამოკითხულთა 36% ფიქრობს, რომ საქართველოში გავრცელებულია საჯარო მოხელეთა მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება პირადი მიზნების მისაღწევად, ხოლო 16% ფიქრობს, რომ ასეთი რამ გავრცელებული არ არის;

სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებთან შედარებით, საგრძნობლად დაბალია მოქალაქეთა ნდობა პარლამენტისა და სასამართლოს მიმართ, რომლებსაც სრულად ან მეტწილად ენდობა გამოკითხულთა მხოლოდ 17% და 20%, შესაბამისად;

გამოკითხულთა 58% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა, ხოლო 51% თვლის, რომ ის მიკერძოებულია. გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ სისტემაში არ უნდა მუშაობდნენ ის მოსამართლეები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ;

გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურებიან პროკურატურა (57%), შინაგან საქმეთა სამინისტრო (55%) და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (55%);

გამოკითხულთა მხოლოდ 30% ფლობს ზუსტ ინფორმაციას 2017 წელს განხორციელებული მთავრობის ოპტიმიზაციის  შესახებ(მინისტრთა რაოდენობის ცვლილება). ამასთან, 61% ფიქრობს, რომ მინისტრების რიცხვი კიდევ უნდა შემცირდეს.

მსგავსი თემები