გიორგი დანელიას სახელი მოსკოვში შესაძლოა, ქუჩას ან სკვერს მიენიჭოს

რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი რეჟისორის, გიორგი დანელიას სახელი შესაძლოა მოსკოვის რომელიმე ქუჩას, ან სკვერს ეწოდოს. ამ ინიციატივით მოსკოვის მერიასა და ქალაქის სათათბიროს რუსეთში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაცია “საქართველოს ეროვნულ – კულტურული ავტომომია რუსეთში”, წარმომადგენლებმა მიმართეს.

​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ორგანიზაციის პრესმდივანმა ანდრო ივანოვმა განუცხადა, ქართული დიასპორის სურვილია მოსკოვის რომელიმე ქუჩას, სკვერს ან ბულვარს, გიორგი დანელიას საპატივსაცემოდ გადაერქვას სახელი. 

მისივე განმარტებით, რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, ამ საკითხის განხილვა, გიორგი დანელიას გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.  

​ცნობილი რეჟისორი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. გიორგი დანელიამ ბოლო ინტერვიუ სწორედ ანდრო ივანოვს მისცა, სადაც ასაკოვანი რეჟისორი ამბობდა, რომ ქართველია, მაგრამ გაიზარდა მოსკოვში. ქართული ენა მხოლოდ 15 წლის ასაკში ისწავლა, რადგან მისი ოჯახის წევრები მხოლოდ რუსულ ენაზე საუბრობდნენ. “როცა თბილისში ჩავდიოდი, ყველა რუსულ ენაზე მელაპარაკებოდა”, – ამბობდა რეჟისორი.

გიორგი დანელია, 1930 წელს, თბილისში დაიბადა. ის ბარნოვის ქუჩაზე ცხოვრობდა. 1932 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში წავიდა.

“თბილისელს ყოველთვის განასხვავებ თავისი გამოხედვით. რამდენიმე წლის წინ, ჩემს შვილიშვილთან ერთად ჩავედი საქართველოში. როცა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გავისეირნეთ, პირველი, რაც ჩემმა შვილიშვილმა მკითხა: ბაბუ, რატომ ვცხოვრობთ მოსკოვში და არა აქ?” – იხსენებდა გიორგი დანელია ინტერვიუში.  

მრავალი ცნობილი ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი გიორგი დანელია 4 აპრილს გარდაიცვალა. მას გული გაუჩერდა.

შორენა პაპაშვილი

მსგავსი თემები