კობა დავითაშვილი პასპორტში ეროვნების აღმნიშვნელი გრაფის აღდგენას არ ეთანხმება – არგუმენტები

ცნობილი პოლიტიკოსი, 4 მოწვევის პარლამენტის წევრი, ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი, რომელიც პირადობის დამდასტურებელი მოწმობიდან ეროვნების გრაფის ამოღების ერთ-ერთი ინიციატორია აცხადებს, რომ წლების წინ ეს გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით მიიღეს. 

როგორც კობა დავითაშვილი განმარტავს, იურიდიულ დოკუმენტაციაში ეროვნების აღმნიშვნელი გრაფა საბჭოთა კავშირის პერიოდში გაჩნდა. ამ ჩანაწერს ითხოვენ ეროვნული უმცირესობები, რომ თავიდან აიცილონ ასიმილაცია. თანამედროვე მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა, მით უმეტეს, ევროპის ქვეყნები თავს არიდებენ ამ ჩანაწერს, რათა მათ ტერიტორიზე არ მოხდეს ეროვნული უმცირესობების ავტონომიზაცია.  

მისივე თქმით, 1997 წელს ის პარლამენტში იურიდიული კომიტეტის აპარატის უფროსი იყო, მიმდინარეობდა საქართველოს ევროპის საბჭოში გაერთიანების პროცესი. 1999 წელს, საქართველოს გაერთიანდა ევროპის საბჭოში, რომელიც გულისხმობს საპარლამენტო დელეგაციებში მონაწილეობას და სტრასბურგის სასამართლოს იურისდიქციაში შესვლას. 

იურიდიული დოკუმენტებიდან ეროვნების აღმნიშვნელი გრაფის ამოღების მიზეზის განმარტებისას კობა დავითაშვილი აცხადებს, რომ მისმა თაობამ საკუთარ თავზე იწვნია საბჭოთა ხელისუფლების მიერ, აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტების სახით ჩადებული ნაღმები, რაც სწორედ ეროვნული უმცირესობების ავტონომიზაციას მოჰყვა. 

“რით დგინდება, კომპაქტურად ცხოვრობს თუ არა, რომელიმე ეროვნების ხალხი, ამა თუ იმ ტერიტორიაზე? ეს დგინდება ოფიციალური ჩანაწერით. ჩვენს არცერთ მეზობელს, არც სომხეთს, თურქეთის, აზერბაიჯანსა და არც რუსეთს, არ აქვთ ასეთი ჩანაწერი. რუსეთში ამ ჩანაწერს ითხოვს თათრსტანის რესპუბლიკა; თურქეთში ქურთები; სომხებმა იმდენი მოახერხეს, რომ ყველა ეროვნული უმცირესობების სრული ასიმილაცია მოახდინეს და ფაქტობრივად მონოეთნიკურ ქვეყნად ჩამოყალიბდნენ; აზერბაიჯანში თუ კი არსებობს კომპაქტურად მცხოვრები უმცირესობა, ეს არიან ქართველები კახის რაიონში, რომლებსაც ძალიან ხშირად უშლიან ქართული გვარის ტარებას და ყველანაირად ცდილობენ მათ ასიმილაციას”, – აცხადებს კობა დავითაშვილი.  

მისი შეფასებით, ადამიანის ​ეროვნების განმსაზღვრელია თვითშეგნება და არა დნმ-ს ანალიზი.

“გავიხსენოთ ჩვენი უძველესი ლიტერატურული ძეგლი – “შუშანიკის წამება”. ვიცით, რომ ვარსქენი ეთნიკურად ქართველია, ხოლოდ შუშანიკი წარმოშობით სომეხი, მაგრამ ვარსქენს უკავია ანტიქართული პოზიცია, ხოლო შუშანიკს პირიქით. მაშინ სარწმუნოება და ეროვნება ერთი იყო. საქართველოში მართლმადიდებლობა, მაშინ ჩვენი ეროვნულობის შემადგენელი ელემენტი იყო. ვარსქენმა, რომელმაც მაზდიანობა მიიღო, ამით ქართველობაზე თქვა უარი”, – აცხადებს კობა დავითაშვილი. 

მოამზადა შორენა პაპაშვილმა
   

მსგავსი თემები