დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ბავშვებს სისხლში, ტყვიის მაღალი კონცენტრაცია დაუდგინდათ

იტალიის ლაბორატორიიდან ჩამოსული ანალიზის პასუხებით, 2-დან 7 წლამდე ბავშვებში ტყვიის კონცენტრაცია მომატებულია. კერძოდ, 16-ბავშვს, სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაუდგინდა, დანარჩენებს კი მომატებული, თუმცა, არა საგანგაშო. აღნიშნულთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრა.

“​ტყვიის შემცველობაზე კვლევის შედეგები ამ თვის ბოლოს გამოქვეყნდება. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკვლეული 1600-მდე ბავშვიდან, სისხლში ტყვიის საყურადღებო მატება 16 ბავშვს დაუდგინდა. ამ ბავშვებთან დადიან ექიმები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკი, გარემოს სპეციალისტი და ინდივიდუალური მკურნალობა უტარდებათ. ასევე მიმდინარეობს მათი საცხოვრებელი გარემოს შესწავლა, რათა დადგინდეს ტყვიის წყარო. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ​ცოტა ხანში სახელმწიფო პროგრამა ამუშავდება. ამ საკითხთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა ​პრემიერ-მინისტრთან. მზადდება დიდი სამთავრობო პროგრამა სხვადასხვა უწყების ჩართულობით, იმისთვის, რომ ქვეყანაში დაისახოს გრძელვადიანი პროგრამა ტყვიის პრობლემების აღმოსაფხვრელად”, – აცხადებს პაატა იმნაძე.

მისივე თქმით, ტყვიის პრობლემასთან დაკავშირებით დღეს ქვეყანაში დაახლოებით ისეთივე ვითარებაა, როგორც ეს გასული საუკუნის 80-90-იან წლებში აშშ -სა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში იყო.

“მაშინ, ამის წინააღმდეგ გრძელვადიანი პროგრამები შეიმუშავეს. ჩვენი მდგომარეობა ძალიან საგანგაშო არ არის, მაგრამ საყურადღებოა. ძალიან დიდი კვლევა ჩატარდა და სკურპულოზურად მიმდინარეობს დამუშავება”, – აცხადებს პაატა იმნაძე.  

მისივე ინფორმაციით, კვლევა იუნისეფის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარდა.

მსგავსი თემები