განახევრებული შობადობა, 90-იან წლებში, გოგონების შობადობის განახევრების შედეგია – დიმიტრი ხუნდაძე  

  •  

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და „სახელმწიფო დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის“ ავტორი დიმიტრი ხუნდაძე, სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ახალ დემოგრაფიულ მაჩვენებლებზე განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, საქართველოს გარკვეული პერიოდი მოუწევს ნეგატიური დემოგრაფიული დინამიკის პირობებში იცხოვროს. თუმცა, ერთი დემოგრაფიული თაობის შემდეგ მონაცემები პოზიტიურად შეიცვლება, თუკი სახელმწიფომ დღეს დაწყებული დემოგრაფიული პოლიტიკის განხორციელება აქტიურად განაგრძო.

“საზოგადოების მღელვარება ახალ სტატისტიკურ მონაცემებზე ბუნებრივია, რადგან დინამიკა ნეგატიური პროცესებისკენ მიდის. ამ პროცესის დაწყების თაობაზე ჩვენ 2012 წლიდან ვსაუბრობთ და პარალელურად ვმუშაობთ ნეგატიური პროცესის შესუსტებაზე, რადგან მისი შეჩერება უკვე შეუძლებელია. ეს არც ჩვენი და არც წინა ხელისუფლების ბრალია, ეს დემოგრაფიული თაობის შედეგია.

90-იან წლებში დაბადებული განახევრებული გოგონები ბუნებრივია, განახევრებულ შობადობას იწყებენ. ასევე, საპენსიო ასაკში შედის 60-იანელების თაობა, როდესაც შობადობის ბუმი იყო საქართველოში. ამიტომ მივყვებით სწორ პოლიტიკას და ვახორციელებთ შობადობის წახალისების, მთიანი რეგიონების განვითარების, აბორტების კლების, საპენსიო რეფორმის თუ სხვა მიმართულების პროგრამებს. რა თქმა უნდა, ეს ცოტაა იმ პრობლემასთან შედარებით, რაც ქვეყნის წინაშე დგას, მაგრამ ჩვენ გამოვდივართ შესაძლებლობებიდან და ვცდილობთ, ეს რესურსები გავზარდოთ. ჩვენ რომ არა დაგვეწყო ამ თემაზე მუშაობა 7 წლის წინ, პოზიტიური პროცესების დაწყება არა 25 წლის შემდეგ, არამედ, ალბათ, საერთოდ ვეღარც იქნებოდა შესაძლებელი.

მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემის არსი თითქმის ყველა პოლიტიკოსმა იცის, ჩვენი ოპონენტები ამ თემას წინასაარჩევნოდ იყენებენ და ცდილობენ ხელისუფლების ნეგატივის შექმნას. მათ შეიძლება ვიღაც მოატყუონ, მაგრამ დიდმა ნაწილმა იცის ჩვენი შვიდწლიანი მუშაობის შესახებ  სწორედ დემოგრაფიულ პოლიტიკაში“, – აცხადებს დეპუტატი.

დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, რომ ოპონენტები მიზანმიმართულად არ საუბრობენ პოზიტიურ სტატისტიკურ მონაცემებზე, მაგალითად, აბორტების 15%-იან კლებაზე, სიკვდილიანობის შემცირებაზე განსაკუთრებით 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, თუნდაც, მიგრაციული ტალღის შემცირებაზე როგორც რეგიონებიდან, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.

„როდესაც სააკაშვილი და მისი პარტია ცდილობს დაამკვიდროს აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოდან ჩვენი მმართველობის პერიოდში 1 მილიონი ადამიანი გავიდა, ეს ტყუილიც აღარ არის, ეს ხალხის აბუჩად აგდებაა პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად. ეს ოფიციალური მონაცემებია და ამის წაკითხვა შეუძლია ყველას. 2013-2017 წლებში, ანუ ჩვენი მმართველობის პერიოდში ქვეყნიდან გავიდა 554 000 ადამიანი, ხოლო შემოვიდა 440 000. ამ გამსვლელებში და შემომსვლელებში მეც ვითვლები, როდესაც მივლინებით ვიმყოფებოდი რამდენიმე ქვეყანაში. ვინც ქვეყანაში არ დაბრუნდა, არის 113 000. მილიონსა და ამ ციფრს შორის დიდი სხვაობაა. ემიგრაციის ზრდამ პიკს მიაღწია სწორედ სააკაშვილის მმართველობის დროს, 2008-2012 წლებში. მას შემდეგ იკლებს, თუმცა, სამწუხაროდ, გრძელდება.

დღეს სამი მთავარი პრობლემა დგას სახელმწიფოს წინაშე: ტერიტორიული მთლიანობა, სიღარიბე და დემოგრაფიული პრობლემა. სწორედ დემოგრაფიული პოლიტიკაა ის საკითხი, რაც გარკვეულწილად განაპირობებს სახელმწიფოს უსაფრთხოებას. ამიტომ, დემოგრაფიული პოლიტიკა ერთმანეთის წინააღმდეგ კი არ უნდა გამოვიყენოთ, არამედ, მთელი ქვეყანა უნდა გავერთიანდეთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ეს ის თემაა, სადაც პარტიული ამბიცია გვერდზე უნდა გადავდოთ და ყველამ ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი უნიკალური ერის გადასარჩენად“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები