ზოოპარკის კავკასიურ ნაწილის გახსნას 300 000 სჭირდება, მთლიანად დასრულებას კი 50 მილიონი დოლარი

თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე აცხადებს, რომ თბილისის ზღვაზე, დედაქალაქის ახალი ზოოპარკის მშენებლობის დასრულებას 50 მილიონი აშშ დოლარი სჭირდება, ამ თანხის ერთიანად მოძიება რთულია, ამიტომ ეტაპობრივად ხორციელდება სამუშაოები. ზოოპარკის კავკასიური ცხოველების ნაწილის გახსნას დაახლოებით 300 ათასი ლარი სჭირდება, რათა კანალიზაცია და ვიზიტორებისთვის ბილიკები მოწესრიგდეს. 

“ვმუშაობთ სხვადასხვა ფონდებთან. ნაწილობრივ დედაქალაქის ბიუჯეტი გვეხმარება, თანხის ნაწილი კი ბილეთების გაყიდვით მიღებული, საკუთარი შემოსავალია. საქართველოში არსებობს გადაშენების პირას მყოფი სახეობები, რომლებსაც ბუნებაში საფრთხე ემუქრებათ. ეს არ ნიშნავს, რომ ქრებიან. ეს პროცესი საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს და თუ არ ჩავერიეთ შესაძლოა გადაშენდნენ. ჩარევის ერთ-ერთი გზა არის მათი რეპროდუქცია და ბუნებაში დაბრუნება. ამასთან დაკავშირებით გაეროს განვითარების ფონდისგან მივიღეთ დაფინანსება პროექტის “ფინანსები ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის”. აქ იგულისხმება საზოგადოების ჩართულობა კონსერვაციაში, მათ შორის, ფინანსური ჩართულობა”, – აცხადებს ზურაბ გურიელიძე.  

მისივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე საუბარია ირმის, ჯიხვებისა და ნიამორის გამრავლებაზე. სამივე სახეობა ჩამოყვანილია ევროპის ზოოპარკებიდან და მათი გამრავლების პროგრამა მიმდინარეობს.

ნიამორებისა და ირმების პირველ შთამომავლობას თბილისის ზოოპარკი უკვე წელს ელოდება, ხოლო ჯიხვების გამრავლება ერთი წლის შემდეგ დაიწყება. მათი გამრავლების სეზონი არის ნოემბერ-დეკემბერი. 

“ქართული კომპანიების მხრიდან ამ ეტაპზე დახმარებები არ ყოფილა. 2015 წლის წყალდიდობის შემდეგ, “თი ბი სი ბანკი” ვეფხვის ჩამოყვანაში დაგვეხმარა. თბილისის მერია საკმაოდ ინტენსიურად მუშაობს დაფინანსების მოპოვებაზე. თუმცა ძირითადად მოლაპარაკებები საერთაშორისო ორგანიზაციებთან გვაქვს”, – აცხადებს ზურაბ გურიელიძე.    

მისივე თქმით, თბილისის ზოოპარკში, ასევე ფუნქციონირებს საცხენოსნო კლუბი, რომელიც ილიას უნივერსიტეტმა ააშენა და სამართავად თბილისის ზოოპარკს გადასცა. კლუბი მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ვიზიტორებიც ხშირად ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ზოოპარკი ჯერ გახსნილი არ არის.

თბილისის ახალი ზოოპარკი მოიცავს 48 ჰა-ს. ბუნებრივ ლანდშაფტთან ერთად აქ არის ხელოვნური კლდეები ჯიხვების ვოლიერებში.

“ძირითადად იქნება ღია ვოლიერები, ეს იქნება ზოოპარკისა და პარკის ერთგვარი კომბინაცია. ზოგ ვოლიერებში დამთვალიერებლები შეძლებენ შესვლას, დაცვის სისტემის უზრუნველყოფით”, – აცხადებს ზოოპარკის დირექტორი.

მსგავსი თემები