ზვიად გამსახურდიას საქმის გახსნა “ქართულ ოცნებას” 5 – 7%-ს მოუტანდა – კონსტანტინე გამსახურდია

დამოუკიდებელი საქართველოს ​პირველი პრეზიდენტის უფროსი ვაჟი, პოლიტიკოსი კონსტანტინე გამსახურდია აცხადებს, დღეს ის ხელისუფლებაში რომ იყოს, ეცდებოდა ზვიად გამსახურდიას საქმის გახსნას, რადგან ეს დამატებით 5-7 %-იან რეიტინგს მოუტანდა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” კონსტანტინე გამსახურდიამ განუცხადა, ​ზვიად გამსახურდიას თემა, ქართული საზოგადოების ერთგვარი გამაერთიანებელია, თუმცა ნდობის აღდგენისთვის საკმარისი არ არის.

​მისივე თქმით, ზვიად გამსახურდიას თემა კარგია ქვეყანაში ზოგადი ატმოსფეროს შესაქმნელად და პარტია “ქართული ოცნების” იმიჯის გასაუმჯობესებლად.   

“მე რომ ხელისუფლებაში ვიყო, ვეცდებოდი ეს საქმე გამეხსნა. 5-7 %-ით ვერ ავწევდი “ოცნების” შელახულ რეიტინგს? მაგრამ არ ვარ ხელისუფლებაში. როგორი ინტრიგანი და ჩასაფრებულიც არ უნდა ვიყო, ეს საქმე რომ გამოიძიონ, რაღა მექნება სასაყვედურო? მე ოპოზიციიდან ვარ, მაგრამ მეც კი აღარ მექნებოდა ამ თემაზე არაფერი სათქმელი”, – აცხადებს კონსტანტინე გამსახურდია.

მისივე შეფასებით, მმართველ პარტია “ქართულ ოცნებაში” დაწყებული ბზარი თანდათან ღრმავდება და გუნდის დაშლის პროცესს ვეღარაფერი შეაჩერებს.

კონსტანტინე გამსახურდია “ქართულ ოცნებას” საბჭოთა კავშირს ადარებს და აცხადებს, რომ  მმართველ გუნდს სერიოზული პოლიტიკური შეცდომები აქვს დაშვებული. არ აქვთ გამაერთიანებელი პლატფორმა, არც სამოქალაქო პატრიოტიზმი და არც არავითარი შიშის შეგრძნება, რომ სახელმწიფო, შეიძლება ჩამოიშალოს.

მისივე თქმით, 2012 წელთან შედარებით ძალიან დაქვეითებულია სახელმწიფო ინსტიტუტები, თუმცა არა პარალიზებული.    

“გუნდი გაიხლიჩა, ფაქტობრივად ფრაგმენტაციის პროცესი დაიძრა და კაცმა არ იცის სად გაჩერდება. საბჭოთა კავშირივით არიან. საბჭოთა კავშირს პირველი ბზარი რომ გაუჩნდა, მერე წავიდა და წავიდა, ვერ გააჩერეს. დაშლის პროცესი გაგრძელდება. რამდენად შეაჩერებენ ბზარს არ ვიცი, მაგრამ მოსახლეობის ზოგადი განწყობა შესაძლოა შეიცვალოს “ოცნების” მიმართ. ისინი დაპირისპირებულ, მე-3 და მე-4 ხარისხოვანი საკითხების გამო ერთმანეთზე გადაკიდებულ, სექტის მაგვარ წარმონაქმნებს დაემგვანენ, რომლებიც მხოლოდ პერსონებზე არიან ორიენტირებულნი”, – აცხადებს კონსტანტინე გამსახურდია.  

შორენა პაპაშვილი

მსგავსი თემები