მეფე დავით აღმაშენებელზე ფილმი, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გადაიღეს

რეჟისორმა გოგი თორაძემ, მეფე დავით აღმაშენებელზე 30 წუთიანი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი გადაიღო. ის საქართველოს პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია II -ს ლოცვა კურთხევით შეიქმნა. იდეის თანახმად, 30 წუთიანი ფილმის ბოლო ეპიზოდი, ძეგლის დიღმიდან რესპუბლიკის მოედანზე გადმოტანის სცენა იქნება. ჯერჯერობთ უცნობია, თბილისის მერია გეგმავს თუ არა ძეგლის თავის პირვანდელ ადგილზე დაბრუნებას, ამიტომ, რეჟისორს ფილმის ფინალისთვის ორი ვარიანტი აქვს ჩაფიქრებული.  

როგორც გოგი თორაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ფილმში აღწერილია მეფის ცხოვრება და მოღვაწეობა, მის მიერ გადატანილი ბრძოლები, მათ შორის, ცნობილი დიდგორის ბრძოლა.

„ფილმი 30-წუთიანია. ეს იქნება სატელევიზიო, დოკუმენტური პორტრეტი, მხატვრული ელემენტებით. ფილმში გაცოცხლებულია აღმაშენებლის ეპოქა. აქ ყველაფერი იქნება მისი მოღვაწეობის შესახებ, მათ შორის დიდგორის ბრძოლა. ასევე, ასახულია ჩვენი დღევანდელობა. როგორ პატარავდება ტერიტორიები მას შემდეგ და როგორ გვიჭირს დღეს. იქნება 2005 წელს, დავით აღმაშენებლის ძეგლის დიღომში გადატანის ეპიზოდიც. თბილისის ცენტრალურ ადგილებში, მრავლად გვაქვს უცხოელი საზოგადო მოღვაწეების ძეგლები, მაშინ, როცა დავით აღმაშენებლის ძეგლი ლამის ქალაქიდან გავიტანეთ”, – აცხადებს რეჟისორი.

როგორც ​გოგი თორაძე ამბობს, ფილმზე მუშაობის პროცესში აღმოაჩინა, რომ დავით აღმაშენებლის ძველ ადგილზე გადატანის საკითხზე არქიტექტორი ვახტანგ დავითაია უკვე 5 წელია ამ საკითხზე მუშაობს. ძეგლის გადატანის იდეის ავტორებმა წერილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილსაც გაუგზავნეს.    

“გული გვწყდება, რომ ვერ დავიცავით მაშინ მეფე დავითი. როგორც კინოდოკუმენტალისტსა და სატელევიზიო ფილმების რეჟისორს, უფლება არ მაქვს დღეს, განზე გავდგე და იქიდან ვუყურო ყველაფერს”, – ამბობს იგი.

მეფე დავით აღმაშენებელზე მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი წელიწადნახევრის განმავლობაში იქმნებოდა, მასში მსახიობები არ მონაწილეობენ. ფილმს მაყურებელი შემოდგომით იხილავს. ის საერთაშორისო კინო ფესტივალებზეც გაიგზავნება.

აღსანიშნავია, რომ მეფე დავით აღმაშენებლის ძეგლი, რომელიც პირველად თბილისის ცენტრალურ ნაწილში, რუსთაველის გამზირთან, ვარდების მოედანზე დაიდგა, 2005 წელს, თბილისის მაშინდელმა მთავრობამ დიღომში გადაიტანა.

მარიამ გელაშვილი

მსგავსი თემები