მოსამართლემ სტრასბურგში დავა მოიგო – საქართველოს ფინანსური სანქციები დაეკისრა

ლევან მურუსიძის ხელმოწერით, უზენაესი სასამართლოდან უკანონოდ გათავისუფლებული მოსამართლისთვის სახელმწიფოს 2 მილიონ ლარზე მეტის გადახდა მოუწევს. ყოფილმა მოსამართლე თამარ ლალიაშვილმა სტრასბურგის სასამართლოში დავა მოიგო. საქართველოს სახელმწიფოს მისთვის 10 000 ევროს გადახდა დაეკისრა, ამას ემატება 4 წლის მანძილზე ხელფასის განაცდური, პენსია და კომპენსაცია, რომლისთვისაც დავა მალე დაიწყება, – აღნიშნულ თემაზე თამარ ლალიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“ჩვენი ბრძოლა დაიწყო წინა ხელისუფლების პირობებში – 2004 წლიდან და 2006 წლის აგვისტომდე გრძელდებოდა. იმ რეფორმების შედეგს, რაც მაშინ განხორციელდა, დღესაც ვიმკით და ვხედავთ რა მდგომარეობაშია სასამართლო. მოსამართლეთა დიდმა ნაწილმა ვერ გაუწია მაშინ ხელისუფლებას წინააღმდეგობა და გადადგომის შესახებ განცხადებები დაწერეს. თუმცა, რამდენიმე მოსამართლემ გადავწყვიტეთ გაგვეგრძელებინა სამართლებრივი ბრძოლა. მაშინ, ოფიციალურად განაცხადეს, რომ კორუმპირებულ მოსამართლეებს ათავისუფლებდნენ”, – აცხადებს თამარ ლალიაშვილი.  

მისივე თქმით, მაშინ, ვენეციის კომისიამ, მოსამართლეთა დევნა სასამართლო ხელისუფლებაზე ზემოქმედებად შეაფასა.

“არ დაგვიტოვებია ევროსაბჭო, ევროსასამართლო, ყველას ჰქონდა ამის შესახებ ინფორმაცია, ჩვენი სარჩელი იყო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. სახელმწიფომაც აღიარა, რომ ჩვენ არ გვქონდა დარღვევა ევროპული კონვენციის VI მუხლის პირველი ნაწილი. რაც მთავარია, ჩვენ მაშინ არ გაგვასამართლა დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ. სასამართლო, რომლის შემადგენლობაშიც მურუსიძე იყო, არ იყო დამოუკიდებელი. შესაბამისად უკანონოდ შეფასდა ჩვენი თანამდებობებიდან გათავისუფლება. ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიტანა და მას ჩვენს სასარგებლოდ 100 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. ყოველთვიული ხელფასი იყო 4000 ლარი, რომელიც 4 წელზე მრავლდება, ამას ემატება თვეში 1 200 ლარი პენსიის სახით, პლუს მორალური კომპენსაცია, რაც 2 მლნ ლარზე მეტი თანხაა, ამ ყველაფერზე დავას ამიერიდან ვაპირებ”, – აცხადებს ლალიაშვილი. 

მისივე თქმით, ლევან მურუსიძე იყო ერთ-ერთი ავტორი, ვინც ხელი მოაწერა 4 მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებას.

“ლევან მურუსიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სწორედ ჩვენი საქმის გამო დანიშნეს, რომ ამ საქმეში უნდა მიეღო მონაწილეობა, შემდგომ გაგრძელდა მოლაშვილის, გირგვლიანის და სხვა გახმაურებული საქმეები. მისი დანიშვნის მიზანი იყო ის, რომ მას უკანონო გადაწყვეტილებები გაეტანა. ლევან მურუსიძის უკანონო გადაწყვეტილებების შედეგია ის უზარმაზარი სანქციები, რომლებიც ჯერ კიდევ ეკისრება სახელმწიფოს”, – განაცხადა თამარ ლალიაშვილმა “მთავარში”. 

მსგავსი თემები