დღეს არის ტყვია, ხვალ შესაძლოა იყოს აზბესტი ან სხვა ელემენტი – თემურ კობიძე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, „კლინიკურ-ტოქსიკოლოგიური ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე თემურ კობიძე აცხადებს, რომ ქვეყნის ქიმიურ უსაფრთხოებაზე სერიოზული ყურადღებაა საჭირო.

“დღეს ტყვია არის პრობლემა, ხვალ შეიძლება სხვა ნივთიერება იყოს, მენდელეევის სისტემის ყველა ელემენტამდე, მაგალითად აზბესტი და სხვა. აქამდე მიგვიყვანა სახელმწიფო კონტროლის მოშლამ, ხელოვნურმა, არაკონდიცირებულმა სამუშაოებმა, ფინანსურმა გაჭირვებამ და წლების განმავლობაში სახელმწიფო კონტროლის მოშლამ. ძველად სახელმწიფო კონტროლს ახორციელებდა სანეპიდ სადგურის საშუალებით, რომელსაც სხვადასხვა განყოფილებები ჰქონდა. მშენებლობის ნებართვაზე ხელი უნდა ჰქონოდა მოწერილი ქალაქის კომუნალური განყოფილების გამგეს. ხელის მოწერა ნიშნავდა იმას, რომ უნდა შემოწმებულიყო, რამდენად შეესაბამებოდა სამშენებლო სამუშაოები გარემოზე ზემოქმედების დაშვებულ ნორმებს. ამ ყველაფერმა მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, რაც დღეს სპორტის სასახლის უკან გვაქვს”, – აცხადებს თემურ კობიძე. 

​მისივე თქმით, საჭიროა კონტროლის დაწესება სხვადასხვა საწარმოებზე. ტყვია, გარკვეული რაოდენობით დღეს, შესაძლოა ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმში იყოს, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ის ორგანიზმიდან გამოიდევნება. ამ შემთხვევაში საყურადღებოა ტყვიის წყაროს დადგენა, თუ საიდან ხვდება ის ადამიანის ორგანიზმში, რადგან წყარო თუ არ ჩაიკეტა ის ადამიანის ორგანიზმში კვლავ მოხვდება.

“ტყვია ადამიანის ორგანიზმში შესაძლოა, მოხვდეს წყლიდან, ჰაერიდან, ნიადაგიდან, საკვებიდან, სამშენებლო მასალებიდან. სისხლში ტყვიის გადაჭარბებული რაოდენობა უარყოფითად მოქმედებს ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, საჭმლის მომნელებელ ორგანოებზე, ადამიანის გონებრივ განვითარებაზე და იწვევს მახინჯი თაობების დაბადებას. რომ აღარაფერი თქვათ იმაზე, რომ კარცენოგენურია. თუ ორგანიზმში ტყვიის შესვლის წყარო არ დაიკეტა, ორგანიზმისგან მის გათავისუფლებას აზრი არ აქვს. ანტიდოტები არსებობს, მაგრამ ყველა ანტიდოტი არის შხამი. ის კეთდება მხოლოდ ადამიანის გადასარჩენად”, – აცხადებს თემურ კობიძე.

მსგავსი თემები