მდინარე ვერეს ხეობა დასუფთავდება, პუშკინის და ბარათაშვილის ქუჩები კი მხატვრულად განათდება

თბილისის მერმა კახა კალაძემ, „თბილსერვის ჯგუფის“ მინათების პროექტის მომზადება დაავალა, რომელიც პუშკინის ქუჩის N19-დან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის N26-ის ჩათვლით მდებარე შენობა-ნაგებობებს მხატვრულად გაანათებს.

„ალბათ, დაკვირვებული ხართ, რომ პუშკინის ქუჩის N19-დან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის N26-ის ჩათვლით ტერიტორია საკმაოდ მოუწესრიგებელია. ეს განსაკუთრებით ღამის საათებში ჩანს. მხედველობაში მაქვს მხატვრული განათება. წითელი, ყვითელი, ლურჯი – ეს არეული ფერები ხიბლს და სილამაზეს უკარგავს ამ კონკრეტულ ადგილს. არადა, ეს ისტორიული ადგილია. მინდა დაგავალოთ, რომ გააკეთოთ პროექტი, რომ ეს ყველაფერი ერთიანობაში ჩაჯდეს, ერთნაირი განათება იყოს. ასევე, მინდა გთხოვოთ, რომ ბარათაშვილის აღმართზე, რომლის რეაბილიტაციაც გავაკეთეთ, კლდის მხატვრულად მინათების სამუშაოების პროექტიც მოამზადოთ, რათა ესეც მოწესრიგებული იყოს. ეს ქუჩა რეაბილიტაციის შემდეგ მართლაც ულამაზესი გამოვიდა და მიმაჩნია, რომ მხატვრული მინათების პირობებში ის უფრო მომხიბვლელი და შთამბეჭდავი გახდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა „თბილსერვისის“ ხელმძღვანელს მდინარე ვერეს ხეობის ფერდობის დასუფთავება სთხოვა, რომელიც ძირითადად, თამარაშვილისა და წყნეთის ქუჩის მოსახლეობის მიერ სამშენებლო ნარჩენით არის დაბინძურებული.

„თხოვნა იქნება, მაქსიმალურად დავასუფთაოთ და მოვაწესრიგოთ ეს ტერიტორია. ასევე, მინდა, მოსახლეობასაც ვუთხრა, რომ ხევში ნაგვის გადაყრა კატეგორიულად მიუღებელია. ეს, პირველ რიგში, მათ უნდა გაითვალისწინონ, რადგან იქ ცხოვრობენ და არ მგონია, ვინმეს სიამოვნებდეს იმ პირობებში ცხოვრება, რაც ამ კონკრეტულ ადგილზე ხდება. ცოტა რთული რელიეფია, მაგრამ ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება ამ ტერიტორიის მოწესრიგება. ასევე, აუცილებლად უნდა დასუფთავდეს თბილისის გასასვლელ-შემოსასვლელები. არ არის კარგი მდგომარეობა და ჩემი თხოვნა იქნება, რომ ამ მიმართულებითაც ვიმუშაოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მსგავსი თემები