​ბავშვები ტყვიის “მარაგით” იბადებიან, ორსული ქალები ტყვიაზე უნდა შემოწმდნენ – ტოქსიკოლოგი

ექიმ-ტოქსიკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ინგა ღვინერია აცხადებს, რომ თანამედროვე ბავშვები უკვე ტყვიის გარკვეული “მარაგით” იბადებიან, რადგან სათანადოდ არ მოწმდება ორსულების ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ინგა ღვინერიამ განაცხადა, ტყვია, დიდი რაოდენობით არის აღმოჩენილი ქალის მაკიაჟში – ტუჩსაცხსა და ჩრდილებში, ასევე ბიუჟურეტიაში და შეღებილ სამოსშიც.

​მისივე თქმით, ქალთა კონტიგენტი ასეთ კოსმეტიკურ საშუალებებს უხვად მოიხმარს.  

“ყველაზე მეტად რისკჯგუფი არიან ბავშვები და ორსულები. ტყვია პოლიტროპული მოქმედების შხამია,  უპირველეს ყოვლისა ახასიათებს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ზემოქმედება. ასევე, მოქმედებს ენდოკრინულ, რეპროდუქციულ სისტემაზე, იწვევს იმუნოდეფიციტს. ბოლო ხანებში ცნობილი გახდა, რომ ის მეორე ხარისხის კარცენოგენს განეკუთვნება. სენსიტიურ ორგანიზმში ამზადებს ფონს ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებისთვის. ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას დედებს, რომლებიც იყენებენ კოსმეტიკას, შესაძლოა მუშაობდნენ სათამაშოების მაღაზიებში. შეღებილ მაისურშიც კი აღმოაჩინეს ტყვია. თუ ასე მივუდგებით საკითხს, ყველა ორსული ქალი უნდა იყოს შემოწმებული ტყვიაზე. ბავშვი უკვე იბადება ტყვიის გარკვეული “მარაგით”, რასაც ემატება, შემდეგ კიდევ რძის საშუალებით მიღებული ტყვია. ჩვენ ვღებულობთ მომავალი თაობის სახით გონებრივად ჩამორჩენილ ბავშვებს, ამიტომ საჭიროა ამას განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდეს”,- აცხადებს ექიმ-ტოქსიკოლოგი ინგა ღვინერია. 

მისივე თქმით, ადამიანის ორგანიზმს თავისი ცხოველმყოფელობისთვის ტყვია არ სჭირდება. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ საკითხებზე დიდი ხანია გაამახვილა ყურადღება და სანამ აჟიოტაჟი ატყდებოდა, ჩატარდა კვლევითი სამუშაოები.

​ინგა ღვინერიას თქმით, ტყვია შესაძლოა იყოს კვების პროდუქტებშიც – ჭარხალში, რძეში, ხორცში, გარკვეულ ადგილებში მოყვანილ მწვანილში. სურსათის უვნებლობის სამსახურმა კიდევ უფრო გაზარდა კვლევების მოცულობა ამ მიმართულებით.   

“ჩემის აზრით, საქართველოს რეგიონების მიხედვით არის შესასწავლი მდგომარეობა. კაზრეთიდან და ბოლნისის რეგიონიდან სუფთა პროდუქტი რომ არ ჩამოვა, რად უნდა ამას თქმა. აღარაფერს ვამბობ სანელებლებზე, რომელშიც გარკვეული შეფერილობის მისაღებად საღებავებს იყენებენ”, – აცხადებს ინგა ღვინერია.  

მსგავსი თემები