რძეც, ხორციც და თევზიც ტყვიით დაბინძურებული აღმოჩნდა

ტუჩსაცხი, თვალის ჩრდილი, კოსმეტიკა, ბიჟუტერია, შეღებილი ტანსაცმელი, რძე, ხორცი, თევზი – ეს ის მცირე ჩამონათვალია, სადაც მძიმე მეტალის – ტყვიის არსებობა დაფიქსირდა.

როგორ ტოქსიკოლოგმა, პროფესორმა ინგა ღვინერიამ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, ყველაზე დიდ რისკ ჯგუფებს ბავშვები და ორსულები წარმოადგენენ.

“ტყვია, რომ პრიორიტეტული დამაბინძურებელია ეს საერთაშორისოდ არის ცნობილი. ტყვია იმ 10 მავნე ნივთიერების ჩამონათვალში შედის, რომელიც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს მიღებული. აქედან გამომდინარე ჩვენ არ ვართ გამონაკლისი. საქართველოში, მადნეულის მოპოვება ძალიან ბევრ ადგილას მიმდინარეობს, მინარევის სახით ტყვია ყველა მადნეულში შესაძლოა იყოს. ბევრი საწარმო დაიხურა, მაგრამ ბევრია ისეთი საწარმო, სადაც ტყვიას მოიხმარენ. ეს საწარმოები ისეთ ადგილებშია განთავსებული, რომელი ტერიტორიაც მოსახლეობით მჭიდროდ არის დასახლებული. იქ არსებული გარემოს შესწავლა და კონტროლი ნაკლებად ხდება. უცხოეთში შეისწავლეს რამდენიმე ბრენდული საღებავი, სადაც არ იყო მითითებული, რომ ტყვიას შეიცავდა, თუმცა, მათი ლაბორატორიული შემოწმებისას მათში ტყვია აღმოჩნდა”, – აცხადებს ინგა ღვინერია.

​მისივე შეფასებით, ამ მხრივ ქვეყანაში მძიმე რეალობა არსებობს, როგორც ბუნებრივი ვითარების ისე, შემოტანილი პროდუქციის თვალსაზრისით. შემოტანილი საღებავები ლაბორატორიულად არ მოწმდება. დაბალი ფასის გამო მოთხოვნადია მდარე ხარისხის საღებავები, მათში მეტია ტყვიის შემცველობა. 

“იდენტიფიკაციის საკითხი და ლაბორატორიული კვლევა ქვეყნისთვის არის პრობლემური საკითხი. ამდენი წინააღმდეგობები რომ არ გვქონდეს ქვეყანაში უნდა არსებობდეს სათანადო ლაბორატორიები”, – აცხადებს ინგა ღვინერია. 

მსგავსი თემები