“ჯერ კიდევ შესაძლებელია, თბილისობას დავით აღმაშენებელთან ერთად შევხვდეთ” – ვახტანგ დავითაია

​არქიტექტორი ვახტან დავითაია, უკვე წლებია, მეფე დავით აღმაშენებლის ძეგლის “პირველი რესპუბლიკის” მოედანზე გადმოტანის საკითხზე მუშობს, თუმცა თბილისის მერია ამ საკითხით არ ინტერესდება.

​როგორც ვახტანგ დავითაიამ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ძეგლის ძველ ადგილზე დაბრუნების მოთხოვნით წერილი, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილსაც გაუგზავნეს. 

წერილში წერია, რომ ძეგლი, მისი ავტორების ლევან ბერძენიშვილისა და არქიტექტორ ვახტანგ დავითაიას მიერ შერჩეულ ადგილზე უნდა დაიდგას.

“მერიიდან არავითარი პასუხი არ მიგვიღია. ეს ზუსტად ასახავს თბილისის მერიის მუშაობის დღევანდელ სტილს. სათანადო ძალისხმევის შემდეგ, შევხვდი თბილისის მერ კახა კალაძეს. გავიდა თვეები, შედეგი კი არ ჩანს. დარჩა კიდევ ერთი გზა, მოვიძიოთ აღმაშენებლის მიერ საქართველოში ჩამოსახლებული ყივჩაღების მოდგმა და იქნება ყივჩაღების თხოვნას გაუწიონ ანგარიში. ჯერ კიდევ შესაძლებელია, მომავალ თბილისობას დავით აღმაშენებელთან ერთად შევხვდეთ ,”- განაცხადა არქიტექტორმა. 

მეფე დავით აღმაშენებლის ძეგლის ახალ ადგილზე დადგმის ესკიზური პროექტი არქიტექტორმა, რუსთაველის პრემიის ლაურეატმა, არქიტექტორთა საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსმა ვახტანგ დავითაიამ გუშინ, პირველ აპრილს, მწერალთა სახლში წარადგინა. შეხვედრას მწერლები, კომპოზიტორები, მხატვრები, არქიტექტორები და ქვეყნისთვის კარგად ნაცნობი სახეები ესწრებოდნენ. მათ შორის იყო, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, თბილისის მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ექიმი ლადო კახაძე.

შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოების მხრიდან გამოითქვა მოსაზრებები, თუ რა უნდა გაკეთდეს დავით აღმაშენებლის ძეგლის “პირველი რესპუბლიკის” მოედანზე დასადგმელად.

​თბილისის მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე დამსწრე საზოგადოებას დაჰპირდა, რომ იზრუნებს, წერილი ადრესატამდე მივიდეს და ძეგლი მის ძველ ადგილს დაუბრუნდეს.

აღსანიშნავია, რომ მეფე დავით აღმაშენებლის ძეგლი, რომელიც პირველად თბილისის ცენტრალურ ნაწილში, რუსთაველის გამზირთან, ვარდების მოედანზე დაიდგა, 2005 წელს, თბილისის მაშინდელმა მთავრობამ დიღომში გადაიტანა.  

ჟურნალისტი მარიამ გელაშვილი
 

მსგავსი თემები