გლდანში, სანიაღვრე ქსელის პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება

თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, კერძოდ, გლდანის რაიონში, სანიაღვრე სისტემის გაუმართაობისა და ხშირ შემთხვევაში, არარსებობის გამო, ძლიერი წვიმის დროს სერიოზული პრობლემები იქმნება. საგზაო სამუშაოები ამჟამად ფორე მოსულიშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს. კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, წლების განმავლობაში დაზიანებული გზის საფარი მოწესრიგდება და სანიაღვრე ქსელი მოეწყობა, რომელიც ამ დრომდე არ არსებობდა.

​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” გლდანის გამგეობაში განუცხადეს, საგზაო ინფრასტრუქტურა სულ 9 200 კვადრატული მეტრის ფართობზე მოწესრიგდება, ხოლო სანიაღვრე ქსელი დაახლოებით, 480 გრძივ მეტრზე მოეწყობა, 6 400 კვ.მ ფართობზე კი, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

​მათივე ინფორმაციით, მეორე ეტაპი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგდება. მოეწყობა ბორდიური და ფეხით სავალი ბილიკი. აღდგება მწვანე ზოლი და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგვება.

ფორე მოსულიშვილის ქუჩაზე სამუშაოები მაისის ბოლოსთვის დასრულდება. ​

​საგზაო სამუშაოებს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

“მსგავსი მასშტაბური სამუშაოები ყველა რაიონში მიმდინარეობს, რათა ის პრობლემები, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს, ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „ენკა“ ასრულებს. პროექტის ღირებულება დაახლოებით, 672 400 ლარია.

მოსულიშვილის ქუჩაზე კახა კალაძესთან ერთად, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები კობა კობალაძე და გულია გოცირიძე იმყოფებოდნენ.

მსგავსი თემები