„ცუნამისა და ვულკანის გარდა, თბილისში ყველანაირი საფრთხე არსებობს“ – ლაშა სუხიშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი​ს გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი აცხადებს, რომ დედაქალაქში ორი სახის საფრთხეები არსებობს, ერთი, რასაც ბუნება გვიმზადებს და რისი მოწმეებიც ყოველწიურად ვხდებით თბილისის ტერიტორიაზე და მეორე – საკანონმდებლო ხვრელები. 

​როგორც ლაშა სუხიშვილმა “მედიცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გეოლოგიური თვალსაზრისით თბილისი ​საკმაოდ სუსტ ადგილას მდებარეობს, აქ არსებობს თითქმის ყველა ბუნებრივი საფრთხე, ცუნამისა და ვულკანის ამოფრქვევის გარდა.

“ეს პრობლემების ერთი მხარეა. მეორე მხარეა ის რომ არსებულ გამოწვევებს კანონმდებლობა ვერ უმკლავდება. მაგალითად, საკმარისია გქონდეთ ფიქტიური გეოლოგიური კვლევა და ამის საფუძველზე მოითხოვოთ მშენებლობის ნებართვა, დიდი ალბათობით, თქვენ მას მიიღებთ, რადგან კანონმდებლობით, თბილისის მერიას არ აქვს უფლება ეჭვი შეიტანოს კვალიფიციურ კვლევაში, რომელიც მასთან შედის ნებართვის მოსაპოვებლად. ​ამ მხრივ მერია კომფორტულ მდგომარეობაშია, რადგან მან მიიღო გეოტექნიკური კვლევა, არ აქვს მასში ეჭვის შეტანის საფუძველი, ამიტომ კანონის სრული დაცვით გასცა ნებართვა. ხშირად შევხვედრივარ შემთხვევებს, როცა ამა თუ იმ ადგილზე, სადაც მე ყოველდღე ვმოძრაობ, მინახავს საბუთი, რომ იქ ჩატარდა ბურღვა, თუმცა სინამდვილეში არანაირი ბურღვა არ ჩატარებულა. ეს მე ვიცი, მაგრამ მერიას არ შეუმოწმებია”, – აცხადებს ლაშა სუხიშვილი. 

მისივე თქმით, არის შემთხვევები, როცა დოკუმენტაცია არ არის ყალბი, ჩატარებულია საკმაოდ კვალიფიციური კვლევა, თუმცა, მერიას არ ყავს პროფესიონალები, რომლებიც შეამოწმებენ, სამშენებლო კომპანია ითვალისწინებს თუ არა კვლევას.

“ამის მაგალითია, რამდენიმე თვის წინათ, მთაწმინდაზე, მამა დავითი ეკლესიის ქვეშ ჩამოშლილი ქანი. კვლევა კომპეტენტურად იყო ჩატარებული, წინასწარ იყო იდენტიფიცირებული ის რაც მოხდა, თუმცა მშენებლობის პროცესში ეს არ იყო გათვალისწინებული”, – აცხადებს სუხიშვილი. 

მისივე თქმით, ძალიან სუსტი მიწისძვრის შემთხვევაშიც კი დედაქალაქი არ არის დაცული, რისი მაგალითებიც არსებობს, მათ შორის, 2002 წელს, როცა 4,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა საქართველოში, დაიღუპნენ ადამიანები და დაახლოებით 20 000 შენობა გავიდა ავარიულ კატეგორიაში, იმ დროისთვის თბილისში 120 000 შენობა იყო.  ასევე, 2015 წლის, მდინარე ვერეს ადიდება.

“ვერეს ხეობაში ვნახეთ, რა მოხდა. დღეს იქ სასტუმრო შენდება იმის საფუძველზე, რომ კანონმდებლობაში მოინახა ხვრელების. კანონის დაცვითაც კი შესაძლებელია არასწორ ადგილას აშენდეს შენობა”, – განაცხადა სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი​ს გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა სუხიშვილმა “მთავარში”.

მსგავსი თემები