პოლიციასთან დაუმორჩილებლობისთვის დაკავებულები გაათავისუფლეს

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის ექვსივე მონაწილე გათავისუფლებულია. მიუხედავად ამისა, ისინი საპროტესტო გამოსვლების შეწყვეტას არ აპირებენ და ფართომასშტაბიანი გამოსვლებით იმუქრებიან. ერთ-ერთი დაკავებულის, კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის განცხადებით, სამართლიანობისა და უსაფრთხო შრომის მოთხოვნით აქციები გაგრძელდება. ექვსივე გათავისუფლებული სასამართლო პროცესის მოლოდინშია, რომელმაც მათი სასჯელის ფორმაზე უნდა იმსჯელოს.

„ადამიანები ყოველდღიურად იხოცებიან, შრომა უსაფრთხო არ არის, დარღვეულია მთელი რიგი წესები, რაც იწვევს მასობრივ სიკვდილს. სახელმწიფოს არ გააჩნია ნება, დაიცვას ადამიანები და უზრუნველყოს მათი უსაფრთხო შრომის პირობები. აქციებს გავაგრძელებთ, სანამ არ გვექნება შედეგი“ – განუცხადა ვახუშტი მენაბდემ „მედიაცენტრ მთავარს“.

გათავისუფლებულთა ინტერესებს ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იცავს.

როგორც ადვოკატი მიხელ ჯახუა აცხადებს, საპროტესტო აქციაზე დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, საბოლოო გადაწყვეტილება კი სასამართლომ უნდა გამოიტანოს.

ადვოკატის თქმით, მისთვის არ არის ცნობილი რა მტკიცებულებები გააჩნიათ სამართალდამცველებს. შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები სამართალდამცველებმა კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. საქმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არის აღძრული.

მსგავსი თემები