ონლაინ-რისკებისგან არასრულწლოვანთა დასაცავად, რეგულაციები დაწესდება  

  •  

პარლამენტის ბიუროზე დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით მომზადებულ კანონპროექტზე იმსჯელებენ, რომელიც ინტერნეტსივრცეში ონლაინ-რისკებისგან არასრულწლოვანთა დაცავას გულისხმობს.

დეპუტატის აზრით, ის, რაც დაუშვებელია ინტერნეტს მიღმა, დაუშვებელი უნდა იყოს ინტერნეტშიც.

როგორც “მთავარს” დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა, კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებების 2 კანონში შევა –  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და “მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონში.

ფართო კონსულტაციების, ექსპერტების, სპეციალისტებისა და დაინტერესებული პირების აქტიური მონაწილეობით შემუშავებული კანონპროექტი ერთადერთი გამოსავალია, რომელმაც პროვაიდერები უნდა აიძულოს, ინტერნეტსივრცე ხიფათის შემცველი ინფორმაციისგან გაათავისუფლოს, რათა არასრულწლოვნები ამ ტიპის ინფორმაციისგან დავიცვათ – აღნიშნა ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დიმიტრი  ხუნდაძემ „მთავართან“ საუბრისას.

როგორც დეპუტატი აცხადებს, მისი სურვილია, ინტერნეტი გახდეს უსაფრთხო,  სადაც ყველა ასაკის ბავშვი შეძლებს ახალი ტექნოლოგიების თითოეული სპექტრისა და შესაძლებლობის გამოყენებას:

მისივე განმარტებით, კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა იმ რეალურმა ვითარებამ განაპირობა, რაც ინტერნეტიდან მომდინარე საფრთხეებს უკავშირდება. ინიციატივის მიზანია არასრულწლოვანთა დაცვა ინტერნეტსივრცეში ისეთი სახის ინფორმაციისაგან, რომელმაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს მათ ჯანმრთელობას და განვითარებას. რაც შეეხება რისკის ტიპებს, ესენია: კონტენტისა და კონტაქტის რისკები (პორნოგრაფია და ა.შ.); სამომხმარებლო რისკები (ონლაინ მარკეტინგი, ყალბი ტრანზაქციები და ა.შ.) და პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები (სოციალური ქსელების გამოყენება პოტენციური გრძელვადიანი შედეგების გააზრების გარეშე).

“კანონპროექტის მიზანია, ბავშვებისათვის უფრო მეტად დაცული ვირტუალური სამყაროს შექმნა. გვსურს, ინტერნეტი გავხადოთ უსაფრთხო ადგილი, სადაც ყველა ასაკის ბავშვი შეძლებს ახალი ტექნოლოგიების თითოეული სპექტრისა და შესაძლებლობის გამოყენებას“, – აცხადებს ხუნდაძე.

 

მსგავსი თემები