სალომე ზურაბიშვილი: ივანიშვილი სიმპათიით სარგებლობს, რადგან მოსახლეობა მასში ხედავს კაცს, რომელმაც ქვეყანას სააკაშვილი ჩამოაშორა

“ივანიშვილი დიდი სიმპათიით სარგებლობს, რადგან მოსახლეობა მასში იმ კაცს ხედავს, რომლის საშუალებითაც სააკაშვილის ჩამოშორება გახდა შესაძლებელი მაშინ, როცა ჩვენ ავტორიტარული სახელმწიფოდ გადაქცევის გზას ვადექით და მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ სხვა ამას ვერავინ შეძლებდა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“ ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილმა უცხოურ გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ივანიშვილს არ უნდოდა პოლიტიკაში დარჩენა, მაგრამ პარტია, რომელიც მან შექმნა, სიტუაციას ვეღარ აკონტროლებდა.
“მასთან გამართული მცირერიცხოვანი საუბრების შემდეგ, ვფიქრობ, რომ მას ნამდვილად არ უნდოდა პოლიტიკაში დარჩენა, რადგან ის მას არ მოსწონს. მაგრამ პარტიამ, რომელიც მან დატოვა, სიტუაციის კონტროლქვეშ მოქცევა ვეღარ შეძლო და გამოიკვეთა ტენდენცია, რომ პარტიის ლიდერთა რიგებიდან ხალხი ისედაც მასთან მიდიოდა რჩევის საკითხავად”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ჟურნალისტის რეპლიკას, რომ “ასეა თუ ისე, დიდი პრობლემაა, როცა უმდიდრესი ადამიანი ქვეყანას არაფორმალურად მართავს და დიდი პარტიის უკან დგას”, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიის უკან კი არა, სათავეში დგას.
“ის პარტიის უკან კი არ დგას, არამედ სათავეში უდგას მას. გარდა ამისა, ვვარაუდობ, რომ ეს მისი პოლიტიკაში დაბრუნების უკანასკნელი შემთხვევაა – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ის აშკარა დისტანცირებას მოახდენს”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები