ხვალიდან საქართველო გაეროს ინიციატივას, „თეთრი ბარათის“ კამპანიას უერთდება

6 აპრილს საქართველო მეექვსედ უერთდება გაეროს ინიციატივას,  რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული და აღინიშნება როგორც სპორტის   საერთაშორისო დღე, სახელწოდებით – „საერთაშორისო სპორტის დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“ (International day of Sport for Peace and Development).

ამასთან დაკავშირებით, 2 აპრილიდან საქართველო უერთდება ე.წ. “თეთრი ბარათის” („#WhiteCard”) კამპანიას, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სპორტული ფედერაციის წარმომადგენლები, მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები, ჩაერთვებიან საქართველოს რეგიონები.

ეს არის მშვიდობისა და სპორტის ციფრული კამპანია, რომლის მიზანია სპორტში პოზიტიური ღირებულებების წახალისება. ის არის სპორტში ე.წ. “წითელი ბარათის” საპირისპირო სიმბოლო და გამოხატავს ჩართულობას, ტოლერანტობასა და მშვიდობას.

კამპანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება. 4 აპრილს თბილისში დაგეგმილია ვორქშოპი და ფოტოგამოფენა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ეროვნული სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები; 6 აპრილს კი მსოფლიოს მასშტაბით ღონისძიება ერთდროულად გაიმართება სხვადასხვა ქვეყანაში, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა სპორტული აქტივობები, შეჯიბრები და სანახაობები სპორტის მრავალ სახეობაში.

თბილისში სპორტულ ღონისძიებებს 11:00 საათიდან ვაკის პარკი უმასპინძლებს.

ბარათის წინა მხარე სრულიად თეთრია, ხოლო უკანა მხარეს დატანილია კონკრეტული მესიჯები და კამპანიაში ჩართვის წესი. კერძოდ:

  1. გადაიღე სელფი თეთრი ბარათით;
  2. გააზიარე ფოტო სოციალურ ქსელში ჰეშთეგით  #WhiteCard” (მხოლოდ ლათინური ასოებით, ისე, როგორც არის მოცემული უშუალოდ ორგანიზაციის გზამკვლევში).

ღონისძიებაში ჩართვის მსურველები ერთმანეთს გამოიწვევენ კამპანიაში ჩართვის მიზნით. ფოტოს ატვირთვის შემდეგ, კამპანიის ინიციატორ ორგანიზაციას შესაძლებლობა ექნება, მოიძიოს ჩართულობის სტატისტიკა სხვადასხვა ქვეყანაში და შეაფასოს აქტიურობის დონე.

წლის  მანძილზე  გამოვლინდება  ყველაზე  აქტიური  ქვეყანა  და  გადაეცემა  სიმბოლური პრიზი. აღნიშნული ღონისძიება მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება. 2018 წელს მასში მონაწილეობა მიიღეს: როჯერ ფედერერმა, ბორის ბეკერმა, ფლორენ მალუდამ, ელენა ისინბაევამ და სხვა არაერთმა ცნობილმა სპორტსმენმა.

საქართველოში ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“.

მსგავსი თემები