მცხეთა-მთიანეთის სოფლებში 4,5 მლნ ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდება

დუშეთის, მცხეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 506 პროექტი განხორციელდება, რომლებზეც 4 448 000 ლარი დაიხარჯება.

როგორ “მედიაცენტრ მთავარს” მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სასმელი წყლის სისტემებს, კეთილმოეწყობა სკვერები, საბავშვო ბაღების ეზოები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, რეაბილიტირდება და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღიჭურვება სპორტული დარბაზები და სტადიონები, მოწესრიგდება შიდა სასოფლო და სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზები, განხორციელდება მცირე ჰესებისა და ამბულატორიების კეთილმოწყობის სამუშაოები, გაიწმინდება ხევები და მოწესრიგდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები.

შერჩეული პროექტები მუნიციპალიტეტების საკრებულოების მიერ უკვე დამტკიცებულია. ამ ეტაპზე, სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში – ვაზიანში, დაბა ზაჰესში, არაშენდაში, ახალუბანში, ბიწმენდში და წინამძღვრიანთ კარში მიმდინარეობს. სამშენებლო-სარეაბილიტაციო და კეთილმოწყობის სამუშაოები ეტაპობრივად სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში ჩართულ ყველა სოფელში დაიწყება.

მსგავსი თემები