ზვიად გამსახურდიას საქმის გახსნას პოლიტიკური ნება სჭირდება – კონსტანტინე გამსახურდია

  •  

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, კონსტანტინე გამსახურდიას განცხადებით, ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიება, ჯერ კიდევ შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ საქმე ამ დრომდე ჭიანურდება. 

როგორც კონსტანტინე გამსახურდიამ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, გამოძიებისთვის პოლიტიკური ნებაა საჭირო, რადგან გამომძიებლები და პროკურორები, სწორედ პოლიტიკურ ნებაზე არიან დამოკიდებულნი.

“ბუნებრივია ამას სჭირდება პოლიტიკური ნება. ყველა ეს გამომძიებელი ზემოთ იყურება, რას იტყვიან ისინი, ხომ არ გაბრაზდებიან, ან რამდენად გაეხარდებათ. მხოლოდ, ამიტომ არის და იყო ეს, ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებული. წინა ხელისუფლების დროსაც, მერეც, ყოველთვის ამ სიტყვას წაღმა- უკუღმა ატრიალებენ. ჰოლანდიაში, დანიაში, გერმანიაში შეიძლება იყოს დამოუკიდებლობა სასამართლოში, ჩვენთან ეს არ არის,” – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ “მედიაცენტრ მთავარში”.

პირველი პრეზიდენტის შვილის განცხადებით, ზვიად გამსახურდიას საქმის წინ წამოწევა პიარის მიზნით, საქართველოს სამივე ხელისუფლებისთვის უცხო არ არის და მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას შედეგი უნდა მოჰყვეს.

“ხელისუფლებები პიარის მიზნით, რომ იყენებენ ამ თემას, ეს ჩვეულებრივი ამბავია და ვფიქრობ სამივე ხელისუფლების დროს შეიმჩნევა. რა თქმა უნდა, ამ საქმესთან ყოველთვის იყო შეწყვილებული ზვიად გამსახურდიას, როგორც პოლიტიკური მოღვაწის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის თემა. სხვათა შორის, ამას მწვანე შუქი პირველად, 1999 წელს, ედუარდ შევარდნაძემ აუნთო, რომ ზვიად გამსახურდია მარტო ნეგატიურ კონტექსტში არ ყოფილიყო მოხსენიებული. მაშინ ამ ამბავს აყვნენ ზურაბ ჟვანია, მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ბარამიძე და სხვები. საზოგადოების ნაწილში ამან აღშფოთება გამოიწვია, საპროტესტო წერილებიც დაიწერა, მაგრამ ყინული დაძრული იყო. შემდეგ უკვე, 2003 წელს, ჩვენ ვნახეთ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლა წალენჯიხაში, ის ზვიად გამსახურდიას “სულიერ მისიაზეც” კი საუბრობდა, ასე ეწოდება გამსახურდიას ლექციების ციკლს. მინდა მჯეროდეს ჩემი თვალების და ფაქტების. ვერ შეედავები ბიძინა ივანიშვილს იმაში, რაც თქვა, თუმცა ამას კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოჰყვეს,”- განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

პირველი პრეზიდენტის ვაჟი იმედოვნებს, რომ ზვიად გამსახურდიას საქმეზე გამოძიება ბოლომდე იქნება მიყვანილი. ამისთვის კი საჭიროა გამოძიებამ სპეცსამსახურების მაშინდელი თანამშრომლები დაკითხოს.

მსგავსი თემები