“დღემდე არ დაუკითხავთ ისინი, ვინც რაღაც ფასეული იცოდა” – ზვიად გამსახურდიას საქმის დეტალები

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟის, კონსტანტინე გამსახურდიას განცხადებით, რაც დროს გადის, პრეზიდენტის გარდაცვალების საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოძიება, ძნელდება. სრულფასოვანი გამოძიება ჯერ კიდევ არ ჩატარებულა, არ არიან დაკითხულნი ის ადამიანები, ვინც რაღაც ფასეული იცოდა ამ საქმეზე.

როგორც კონსტანტინე გამსახურდიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ​თითქმის ორკვირიანი შიმშილობის აქციის შემდეგ, გამსახურდიას შვილებმა ხელისუფლებისგან მიიღეს დაპირება, რომ პრეზიდენტის საქმე გამოძიებული იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში გეგმავს ევროსასამართლოს მიმართოს. 

კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, ზვიად გამსახურდიას საქმე 9 ტომისგან შედგებოდა, დღეს უკვე 19 ტომია. ეს იყო სპეცსამსახურების ოპერაცია, მას აქვს საიდუმლო ჩარჩოები და იქ შეღწევაა საჭირო.

“თუ იქ შეაღწია გამოძიებამ ძალიან ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი. მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს, მე მათ გავუგზავნე დასაკითხი ადამიანების 48 კაციანი სია, რომლებმაც დანამდვილებით იცოდნენ, რაღაც ფასეული ამ საქმეზე, არც ერთი მათგანი არ დაუბარებიათ დაკითხვაზე. ძალიან ერიდებიან მოწმეების დაბარებას. გამოძიება მიდის ყოველგვარი ჯვარედინი დაკითხვის გარეშე, შეუსაბამობებზე ყურადღება არ მახვილდება, კერძოდ, როგორ ეჭირა კაცს ხელში 1,5 კგ-ის წონის ცეცხლსასროლი იარაღი, როცა მან თავის მოიკლა თავის არეში მიყენებული ჭრილობით? არც ერთი ოპერატიული მუშაკი არ დაუკითხავთ, საქმეში მსოლოდ მისი გარემოცვისა და ადგილობრივი გლეხების ჩვენებები დევს”, – აცხადებს კონსტანტინე გამსახურდია. 

​​მისივე თქით, საქართველოს უშიშროების ექსმინისტრი იგორ გიორგაძე აცხადებდა, რომ ზვიად გამსახურდიას 2 ჯგუფი დასდევდა. დღემდე არ არის გამოკვლეული ვინ არიან ისინი. ვინ იყვნენ შსს-ს სპეცჯგუფში, ე.წ რეალიზაციის ჯგუფში, ზუგდიდის სპეცდანიშნულების ჯგუფში -“ალფა”, ეს არ არის გარკვეული.

კონსტანტინე გამსახურდიას შეფასებით, ამ საქმეში გარკვეული მიღწევებიც არის, კერძოდ, 2015 წელს საქმე დაკვალიფიცირდა, როგორც განზრახ მკვლელობა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას. მანამდე საქმე აღძრული იყო თვითმკვლელობის მუხლით. არ არსებობდა დაზარალებულის უფლებამონაცვლეობა და პრეზიდენტის ოჯახის, არც ერთი წევრი არ იყო ცნობილი დაზარალებულად.

“კენჭისყრის შედეგად, მე გავხდი უფლებამონაცვლე. კიდევ 5 წლით გადაიწია საქმის გამოძიებამ და კიდევ ერთი წინსვლა იქნება, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაახლოებით ერთ თვეში გამოიტანს შესაბამის განაჩენს. არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, მინდა მჯეროდეს ფაქტების, მარტო პოლიტიკური განცხადებები საკმარისი არ არის”, – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ “მთავარში”.

მისივე თქმით, შედგა მოლაპარაკება მთავარ პროკურორთან, დაიგეგმა სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ამ საქმის გამოძიებას და მისი წარმატებით დასრულებას ხელს შეუწყობს.

“ღონისძიებები დაიგეგმა, როგორც კრიმინალისტური ის კლასიკური გამოძიების კუთხით. შედეგი რა დადგება ეს ცალკე საკითხია, რამდენადაც გამოძიება სპეციფიკური და რთული სფეროა. მით უმეტეს, საქმე აღძრულია უკვე 26-ე წელია და ის პერიოდულად თაროზე შემოიდებოდა, მერე ჩამოიღებდნენ. კი მიდიოდა გამოძიება, მაგრამ რეალურად ეს იყო გამოძიების იმიტაცია”, – აცხადებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი.

მსგავსი თემები