დღეში საშუალოდ ვლინდება COVID-ის 300-მდე ახალი შემთხვევა – ცერცვაძე

ბოლო ერთი თვის მანძილზე მსოფლიოში აღინიშნება COVID-ის ახალი შემთხვევების და COVID-ით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მატება, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ზაფხულის პერიოდში მოსახლეობის მობილობის ზრდასთან.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, COVID-19-ის შემთხვევების ზრდის ტენდენცია საქართველოშიც შეინიშნება:

,,კერძოდ, ბოლო 1 კვირის მანძილზე დღეში საშუალოდ ვლინდებოდა COVID-ის 300-მდე ახალი შემთხვევა, აგრეთვე ფიქსირდებოდა ე.წ. დადებითობის მაჩვენებლის ზრდა 7-8%-მდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით COVID-ზე ტესტირებული ყველა პაციენტისგან (დაახლოებით 4 000 ტესტი დღეში) დადებითი შედეგი უფიქსირდება გამოკვლეულთა 7-8%-ს. შესაბამისად, გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც. თუმცა, სიკვდილობა კვლავ რჩება მინიმალურ ნიშნულზე (ერთეული შემთხვევები თვეში) და ისიც ძირითადად დაგვიანებული მომართვიანობის დროს.

სავარაუდოდ EG.5 ქვევარიანტი შესაძლოა უკვე საქართველოშიც იყოს, თუმცა ოფიციალურად (ლაბორატორიულად) იგი ჯერ არ დადასტურებულა და შესაბამისად იმის მტკიცება, რომ ამ ქვევარიანტზე მოდის ქვეყანაში COVID ახალი შემთხვევების 50%, ჯერ არ შეიძლება. თუმცა, COVID პაციენტების სწორი მართვისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს თუ რომელი ქვევარიანტით არის ის ინფიცირებული, რადგან პაციენტის მართვის პრინციპები სხვადასხვა ქვევარიანტით ინფიცირებისას პრაქტიკულად არ განსხვავდება ერთმანეთისგან”, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საიმედოდ აკონტროლებს ქვეყანაში COVID ეპიდსიტუაციას და ქვეყნის მოსახლეობას შეუძლია იყოს მშვიდად.

ის მოუწოდებს მოსახლეობას რესპირაციული ინფექციების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, გამოიყენონ პირბადე და ჩაიტარონ კოვიდზე ტესტირება.

მსგავსი თემები