დავით ბაგრატიონს გრუზინსკებმა ​ორი ნიშნობა ჩაუშალეს და ანა შერთეს

სამეფო ტახტის მემკვიდრე დავით ბაგრატიონის ადვოკატი, ლევან ჩხეიძე აცხადებს, ყოფილ მეუღლეებს შორის ნორმალური ურთიერთობა არსებობს. მათ სამოქალაქო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დაარეგულირეს ურთიერთობა, რომ კვირაში 3 დღესა და არდადეგებს ბავშვი მამასთან გაატარებს, ხოლო კვირის 4 დღეს, დედასთან. დაარეგულირეს ალიმენტის საკითხიც და ერთმანეთის მიმართ ყოველგვარ ქონებრივ მოთხოვნაზე უარი თქვეს.

“საკმაოდ ცივილური ურთიერთობა აქვთ, ტელეფონით კომუნიკაცია აქვთ ბავშვთან დაკავშირებით. მისი ინტერესებიდან გამომდინარე. ბავშვს ყველაზე მეტად მამასთან ყოფნა მოსწონს, რადგან ის ანებივრებს, დედა კი ეუბნება ისწავლეო. მამები ასეთები ვართ”, – აცხადებს ლევან ჩხეიძე. 

როგორც მან “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, დავით ბაგრატიონისა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ქორწინება პოლიტიკური იყო და ისინი სიყვარულით არ დაოჯახებულან. ეს კარგად ჩანს მათი ჯვრისწერის სურათებიდანაც. 

“დავითი საქართველოში პირველად 2002 წელს ჩამოვიდა, მაშინ 21 წლის იყო. ამის შემდეგ ხშირად ჩამოდიოდა. ანა გრუზინსკი მის საცოლედ არ განიხილებოდა. გარკვეულ პოლიტიკურ და მონარქისტულ წრეებში მზადდებოდა იდეა, რომ დავითი სოხუმში დარჩენილი შერვაშიძეების გვარის წარმომადგენელთან დაექორწინებინათ, მეორე ვარიანტად კი ბაგრატიონების გვარის წარმომადგენელი ქალბატონი განიხილებოდა. მაგრამ გრუზინსკებმა ორივე ნიშნობა ჩაშალეს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ანასა და დავითის ქორწინება შემდგარიყო. ძლიერმა ჯგუფებმა დაუსვეს საკითხი, რომ თუ გინდა ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა ცოლად ანას მოიყვანო. ნახეთ მათი ქორწინების კადრები და დასკვნა თავად გამოიტანეთ, სიყვარულით იყო ეს ქორწინება თუ არა”, – აცხადებს ლევან ჩხეიძე. 

აღსანიშნავია, რომ ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენლების ოჯახებს შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს ტიტულის გამოყენების საკითხთან დაკავშირებით.  

მსგავსი თემები