სიცრუეა, თითქოს ჩემი ინიციატივა სკოლებში სქესობრივი აღზრდის გაკვეთილებს აკანონებდეს – სოფო კილაძე

  •  

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, სოციალურ ქსელში, პარლამენტში ინიცირებული „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ შესახებ განმარტავს და აცხადებს, რომ რამდენიმე მედია-საშუალებამ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, თითქოსდა, მისი ინიციატივა საჯარო სკოლებში სქესობრივი აღზრდის გაკვეთილებს აკანონებდეს.

“რამდენიმე მედია-საშუალებამ გაავრცელა სიცრუე, თითქოს სოფო კილაძის ინიციატივა – „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ აკანონებდეს სქესობრივი აღზრდის გაკვეთილებს სკოლაში.

ჩვენი მიზანი არის ბავშვების დაცვა. ჩანაწერი, რომ სქესობრივი აღზრდის განათლება შესაძლებელია მხოლოდ მშობლის თანხმობით, ემსახურება იმას, რომ თუ რომელიმე ენჯეომ ან ექსპერტმა გადაწყვიტა, რომ მაგალითად, არაფორმალური განათლების ფარგლებში (საბავშვო ბანაკები, ტრენინგები და ა.შ.) შემოიტანოს ასეთი ტიპის გაკვეთილები, მათ არ ჰქონდეთ ამის საშუალება მშობლის ფილტრის გარეშე”, – წერს სოფო კილაძე.

მისივე თქმით, დღეს რომ ბავშვები ამ კუთხით, დაუცველები არიან, ამის კარგი მაგალითი თუნდაც ხატია ახალაიას ცნობილი ონლაინ-გაკვეთილები იყო, რამაც საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.  

“დღეს ბავშვები დაუცველები არიან ამ კუთხით, რისი კარგი მაგალითი იყო ხატია ახალაიას ცნობილი ონლაინ-გაკვეთილები, რომელმაც სამართლიანად გამოიწვია აღშფოთება საზოგადოებაში.

ჩვენ არ გვინდა ასეთი რამის განმეორება. მე მესმის, რომ ოპოზიციურად განწყობილი მედიის ინტერესში ხელისუფლების დისკრედიტაციაა, მაგრამ ასეთი უღირსი მეთოდების გამოყენება ვფიქრობ, მიუღებელია,” – წერს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები