კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, „VESTEL“-თან პირობითი ვალდებულების შეთანხმება გააფორმა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, მოვაჭრე „VESTEL“-თან პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმება გააფორმა.

სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, VESTEL-ს დაევალა:

  • შეცვალოს კომპანიის შიდა პოლიტიკა და შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს;
  • მომხმარებლებს ქართულ ენაზე – მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია, რომელიც უნდა განათავსოს როგორც სავაჭრო ობიექტებში, ასევე ოფიციალურ ვებ-გვერდზეwww.vestel.ge;
  • ჩამოაყალიბოს კანონთან შესაბამისი მკაფიო საგარანტიო პირობები;
  • აღადგინოს იმ მომხმარებელთა უფლებები, რომელთაც სავარაუდოდ, კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად უფლებები დაერღვათ.

შეთანხმების შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია 3 (სამი) თვის ვადაში სააგენტოს ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარუდგინოს.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან -2023 წლის ივლისის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 317 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 190 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. 9 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ – მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 93 საქმეზე – 56 შეთანხმება გააფორმა. 50 საქმეზე გაფორმებულ 30 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 18 დარღვევის ფაქტი – 32 საქმეზე, ხოლო 4 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 3 მოვაჭრეს, 12 საქმეზე  ჯარიმა დაეკისრა.

მსგავსი თემები