ჭიათურის მაღაროში 32 წლის მამაკაცი დაშავდა

 

ჭიათურაში, „კოროხნალის მაღაროში“ ერთ-ერთ დასაქმებულს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ქვა დაეცა და მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

შემთხვევა  გამთენიისას მოხდა. დაშავებული ალექსანდრე დეკანოიძეს ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ექიმები აცხადებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. პაციენტს მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება.

“პაციენტს ქალა-ფუძის მოტეხილობა, ხერხემლის მალის მოტეხილობა და ტვინის შეშუპება აღენიშნება. ამ წუთებში მას ოპერაცია უტარდება“ –  აღნიშნა კლინიკის დირექტორმა გიორგი ხვედელიძემ „მთავართან“ საუბრისას.

ჭიათურის სამთო-გადამამუშავებელ კომბინატში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადება „ჯორჯიან მანგანეზმაც“ გაავრცელა. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ჭიათურის სამთო-გადამამუშავებელ კომბინატში, კერძოდ, კოროხნალის მაღაროში სამთო მასალის ჩამოშლის შედეგად, 32 წლის მაღაროელმა, ალექსანდრე დეკანოიძემ თავის არეში დაზიანებები მიიღო. იგი ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება.

მსგავსი თემები