მიხეილ ჩინჩალაძის დავალებით, 2007 წელს, მოქალაქეებს ქონებას სძალავდნენ – ადვოკატი

სასამართლო რეფორმაზე მომუშავე იურისტი კახა კოჟორიძე ქართული მართლმსაჯულების სისტემაში კლანის არსებობაზე საუბრობს და კონკრეტული მაგალითი მოჰყავს.

როგორც კახა კოჟორიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2007 წელს, ცეკავშირის გამგეობის ყოფილ თავმჯდომარე მამუკა აბესაძეს მის საკუთრებაში არსებული საგურამოს 16 ჰა მიწის ფართობის სახელმწიფოსთვის გადაცემა მოსთხოვეს. 2007 წელს, მასთან მივიდა პროკურორი მამია ფხაკაძე, რომელიც დღეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეა და უთხრა, რომ მიხეილ ჩინჩალაძის დავალებას ასრულებდა და მიწის ნაკვეთი პირადი განცხადების საფუძველზე უნდა ეჩუქებინა სახელმწიფოსთვის. მან აბესაძეს განცხადების შინაარსი, ხელნაწერის სახით გადასცა. 

ადვოკატის თქმით, მიხეილ ჩინჩალაძე იმ ხანებში მცხეთის საოლქო პროკურორი იყო, დღეს კი  სასამართლოს სისტემის ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი და კლანის ლიდერია.  

“მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე კახა კოჟორიძემ, 2007 წელს, პირადად მამია ფხაკაძის მიერ შედგენილი ხელწერილი და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა, რომლითაც დასტურდება, რომ აღნიშნული წერილი ნამდვილად მამია ფხაკაძის მიერ არის დაწერილი. 

მამუკა აბესაძემ ხელწერილი შეინახა, რადგან იცოდა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების პირობებში ამაზე დავის დაწყებას აზრი არ ექნებოდა. ხოლო 2012 წელს, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა.

როგორც აბესაძის ადვოკატი აცხადებს, თავიდან გამოძიება აქტიურად დაიწყო, დაიკითხა მამია ფხაკაძე, რომელიც იმ დროს უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო. მან თავიდან განაცხადა, რომ არ ახსოვდა აღნიშნული წერილი, თუმცა მას შემდეგ, რაც ხელნაწერს ექსპერტიზა ჩაუტარდა და დადგინდა ავტორის ვინაობა თქვა, რომ ეს ერთ-ერთი საქმის გამოძიებისთვის სჭირდებოდა.

“დაკითხისას მამია ფხაკაძემ განაცხადა, რომ თურმე, მოქალაქეებს აძლევდნენ იურიდიულ რჩევებს, თუ სახელმწიფოს საკუთრებაში როგორ გადაეფორმებინათ თავიანთი მიწის ნაკვეთები. გამოდის, რომ მოქალაქეები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი, იურიდიული კონსულტაციისთვის პროკურორებთან მიდიოდნენ. ეს აბსურდი სამწუხაროდ 2013 წელს დაიჯერა პროკურატურამ. მას შემდეგ, რაც 2013 წელს სასამართლო სისტემაში ჩატარდა არჩევნები და ამ არჩევნების შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად, ისევ კლანის წევრები მოვიდნენ. ამ კონკრეტული საქმის გამოძიებაც შეწყდა”, – აცხადებს კახა კოჟორიძე.  

მოამზადა შორენა პაპაშვილმა

მსგავსი თემები