თბილისში, 170 ავტომობილზე გათვლილი, პირველი მიწისქვეშა პარკინგი მოეწყობა

პირველი დიდი, მუნიციპალური მიწისქვეშა პარკინგი თბილისში, ორბელიანის მოედანზე მოეწყობა და 170 ავტომობილს დაიტევს. ორბელიანის მოედანზე ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც, კეთილმოწყობის, გამწვანების და დასუფთავების სამუშაოებთან ერთად 20 მაისისთვის უნდა დასრულდეს.  

​როგორც თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, ეს ქალაქში ყველაზე დიდი საპარკინგე სივრცე იქნება. ის ევროპული სტანდარტების შესაბამისად შენდება და ტექნოლოგიურადაც გამართული იქნება.  

კალაძეს განცხადებით, ორბელიანის მოედანზე რეაბილიტაცია უტარდება ათონელის, ფხოვის, ფურცელაძისა და სობჩაკის ქუჩების 18 მისამართზე მდებარე შენობებს. რეაბილიტირებულ არეალში უძრავი ქონების ფასი 3-4-ჯერ გაიზრდება.

 „ეს არის ძველი თბილისის ერთ-ერთი კონკრეტული ლოკაცია, რომელიც ძალიან ხალხმრავალი და ტურისტებით დატვირთულია. ადგილობრივების ქონება უფრო ფასეული გახდება”, – აცხადებს იგი.   

მისივე ინფორმაციით, ყველა ობიექტი ექსპერტებისა და ხელოვნებათმცოდნეების ჩართულობით აღდგა, რათა მაქსიმალურად შენარჩუნებულიყო თითოეული დეტალი.

ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩებზე კეთილმოწყობის სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა საზოგადოებრივი სივრცე, კეთილმოეწყობა შიდა ეზოები, ახალ ლოკაციაზე გაკეთდება სპეციალური სავაჭრო-საგამოფენო სივრცე ყვავილებით მოვაჭრეთათვის და მოწესრიგდება იქ არსებული სარეკრეაციო სივრცეები. თბილისის ძველ უბანს შეემატება კიდევ ერთი, ტურისტულად აქტიური საფეხმავლო ზონა, რომელიც მოიცავს ორბელიანის მოედანს, ათონელისა და ხიდის, ფურცელაძის და ფხოვის ქუჩების ნაწილს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტ “ახალი ტფილისის” ფარგლებში ხორციელდება, მისი საერთო ღირებულება 70 მლნ ლარს შეადგენს და ის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მსგავსი თემები