სასამართლოში კეთილსინდისიერი მოსამართლეები უნდა მოხვდნენ, ამას ემყარება სამართლიანობა – კახა კოჟორიძე

​სასამართლო რეფორმაზე მომუშავე იურისტი კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ ვენეციის კომისია წლებია ეხმარება საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებაში, პროფესიონალი ექსპერტები იძლევიან რეკომენდაციებს, გამოთქვამენ მნიშვნელოვან მოსაზრებებს, მაგრამ შედეგი არ იქნება, თუ ვითარება თვითონ ქვეყანაში არ შეიცვლება. 

როგორც კახა კოჟორიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი მიზანია, სასამართლოში მოხვდნენ კეთილსინდისიერი მოსამართლეები, რასაც სასამართლოს სამართლიანობის პრინციპი ემყარება.   

მისივე თქმით, უვადო მოსამართლეების კრიტერიუმებზე მუშაობა პარლამენტმა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2018 წლის დეკემბერში, იუსტიციის საბჭომ “ფურცლის ნაგლეჯზე ჩამოწერა 10 ადამიანის გვარი, ყველას ერთად უყარა კენჭი და ასეთი სამარცხვინო ფორმით წარმოადგინა, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების სია”, – აცხადებს კოჟორიძე.

მისივე შეფასებით, ამ კანონპროექტის ავტორები შეეცდებიან არსებული რეალობა შეალამაზონ, მან ბრჭყვიალა ქაღალდის ფუნქცია შეასრულოს, რომელსაც სხვადასხვა საქმეების ლამაზად შესაფუთად გამოიყენებენ.

“როგორც კი ამ კანონპროექტზე დაიწყო საუბარი, მაშინვე ვთქვი, რომ შეეცდებიან ამ კანონპროექტმა შეასრულოს ბრჭყვიალა ქაღალდის ფუნქცია, რომელიც ლამაზად შეფუთავს ყველაფერს. დღეს ვერ დამისახელებთ, ვერც ერთ დამოუკიდებელ ექსპერტს, ვისაც მოსწონდეს ის, რაც ხდება საქართველოში. როცა საყოველთაო კონსენსუსი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ რაც ხდება, არ ვარგა, აღნიშნული კანონპროექტის დადებითად შეფასება არ იქნება სწორი. ამ დოკუმენტის ამოცანა უნდა ყოფილიყო ის, რომ იუსტიციის საბჭოს უფლებები შეეზღუდათ, რომ მათ ვერ დაბლოკონ  კეთილსინდისიერი კანდიდატები. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და კლანის წევრები ერთ ოთახში ისხდნენ და ერთობლივად წერდნენ კანონპროექტს, ამდენად ილუზია, რომ ის იქნება კლანის უფლებების შემზღუდავი, არავის აქვს”, – აცხადებს კახა კოჟორიძე. 

მისივე თქმით, ​ვენეციის კომისიას მადლობა უნდა გადაუხადოს ქართულმა საზოგადოებამ და მთიანად ქვეყანამ, რომ პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯგუფი მრავალი წელია საქართველოს  თავიანთი მნიშვნელოვანი მოსაზრებებით ეხმარება.

მსგავსი თემები