,,მზად ვართ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ არასდროს გადავდგამთ ნაბიჯს, რომელიც შეიძლება დამაზიანებელი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის” – კალაძე

„გადაწყვეტილება მიღებულია, ისევ და ისევ ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ეს არის ჩვენს პარტნიორებთან ხელისუფლების თანამშრომლობის მაგალითი“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ შეერთებოდა
ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთსა და ბელარუსში ავტომობილების ექსპორტის შეზღუდვას ეხება.

თბილისის მერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მზად არის თავის პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის და თუ საჭიროა, ხარვეზების გამოსწორებისთვის, თუმცა ის არასოდეს მიიღებს ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელ გადაწყვეტილებას.

„რაც შეეხება სანქციებთან მიერთებას, ჩვენ ვერ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც შეიძლება პრობლემური იყოს ჩვენი ქვეყნისთვის და დამაზიანებელი იყოს, თუმცა, თანამშრომლობას რაც შეეხება, ყოველთვის მზად ვართ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის. თუ არის რაიმე ხარვეზი, ასევე, მზად ვართ, ეს ყველაფერი გამოვასწოროთ, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა, რომ არ გადავდგამთ ნაბიჯს, რომელიც შეიძლება დამაზიანებელი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. ავიღოთ პოლონეთის მაგალითი – ქვეყანას, რომელიც უერთდება
სანქციებს, ხორბლის გამოტანასთან დაკავშირებით, ხედავთ, რა პოზიცია აქვს. პოლონეთი გამოდის და ამბობს, რომ ისინი გაატარებენ თავიანთი ქვეყნის ინტერესებს და ხორბლის შეტანაზე გადაწყვეტილებას სოფლის მეურნეობის და იქ მცხოვრები ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ. ასევე იმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება. სანქციების პაკეტი შედგება ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან. ჩვენ თავიდანვე გვქონდა პოზიცია, რომ აღნიშნულ პაკეტს ვერ შევუერთდებოდით ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა ჩვენს პარტნიორებთან ვთანამშრომლობთ და ესეც თანამშრომლობის მაგალითია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები