,,ჩინეთთან ვაჭრობა აუცილებელია, მაგრამ სიფრთხილეა გამოსაჩენი” – კახა ქემოკლიძე

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, კახა ქემოკლიძე საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის თემას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ჩინეთთან ვაჭრობა აუცილებელია, მაგრამ სიფრთხილეა გამოსაჩენი. ჩინეთის დოქტრინული ინტერესი ერთია და მეორეა, სახელმწიფო და ეროვნული ინტერესი.

„ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო ერთ-ერთი იშვიათი სახელმწიფოა, რომელსაც გააჩნია ჩინეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. შესაბამისად, ეს საქართველოს, როგორც გეოპოლიტიკური და ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით შესაძლებლობის ფანჯრებს აოთხმაგებს. მაგრამ აქ საკითხავია ღარიბაშვილის ვიზიტი და საინტერესოა იმ კუთხით, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღინიშნა. ამ მოცემულობაში ბევრი unknown unknowns (უცნობი-უცნობია). რას ნიშნავს ეს? ხელშეკრულების რა ჩარჩოებს ითვალისწინებს? ითვალისწინებს ეს სტრატეგიული ინფრასტრუქტურაში ჩინეთის ინვესტირებას?

როდესაც სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩინეთი იდეოლოგიურად კომუნისტური სახელმწიფოა.

საბოლოო ჯამში ჩინეთთან ვაჭრობა აუცილებელია. სხვათა შორის, ჩინეთთან ამ ვაჭრობის ხელშეკრულებას ხელი გიორგი გახარიამ მოაწერა და ეს იყო დიდი გამარჯვება. ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც აღიარებდნენ, მაგრამ ძალიან ბევრი სიფრთხილეა გამოსაჩენი“, – განაცხადა ქემოკლიძემ.

მისივე თქმით, ჩინეთისთვის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის გადაცემა არის ეროვნული უსაფრთხოების რისკი.

„არ შეიძლება კრიტიკული ინფრასტრუქტურის გადაცემა, მაგალითად შავი ზღვის ფსკერზე გამავალი ინტერნეტკაბელი. ჩინეთის სტრატეგიული ინტერესია აბრეშუმის გზის სარტყლის გაკეთება. ჩინეთის სტრატეგიული დოქტრინა გასაგებია, აქ არაფერი ახალი არ არის. მაგრამ ჩინეთის დოქტრინული ინტერესი ერთია და მეორეა, სახელმწიფო და ეროვნული ინტერესი“, – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

მსგავსი თემები