თბილისი იმსახურებს ნამდვილ, ევროპულ, ფილარმონიულ ცხოვრებას – ზაზა შენგელია

ხმის ჩამწერი სტუდია “ბრავო რექორდსის” დამფუძნებელი, საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ყოფილი თავმჯდომარე ზაზა შენგელია, ახალგაზრდა კომპოზიტორ და დირიჟორ ნიკა რაჭველთან დაკავშირებულ სკანდალს ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოც და თბილისიც ნამდვილ, ევროპულ ფილარმონიულ ცხოვრებას იმსახურებენ, ამ ისტორიულ დარბაზში უნდა ჩატარდეს უამრავი სანახაობრივი კონცერტი და წლის განმავლობაში მაქსიმალურად იყოს დატვირთული, რომ უბრალო ადამიანებმა შეძლონ ამ კონცერტებზე დასწრება.

ზაზა შენგელია იმედოვნებს, რომ ამ სკანდალში ეკონომიკის სამინისტრო და ქონების მართვის სააგენტო არ მიიღებენ მონაწილეობას. მათი მუშაობა ბევრად უფრო ღია და გამჭვირვალე იქნება, ობიექტური და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.

როგორც ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში წერს, მას ძალიან აინტერესებს, მონაწილეობენ თუ არა ქონების მართვის სააგენტოს გასაიდუმლოებული კომისიის მუშაობაში ხელოვანები და ვინ არიან ისინი.

მისივე თქმით, არ შეიძლება, ქვეყნის მთავარი საკონცერტო სივრცის ბედი წყდებოდეს იმ ადამიანების აზრის გაუთვალისწინებლად, რომლებსაც ამ დარბაზში მუშაობა უწევდათ, უწევთ და მომავალშიც მოუწევთ. რომლებმაც ყველაზე კარგად იციან თუ როგორ უნდა გამოსწორდეს ვითარება, რომ დარბაზმა სრულფასოვანი დატვირთვით ფუნქციონირება და სისხლსავსე ცხოვრება შეძლოს.

“მინდა მჯეროდეს, რომ კულუარებში ტრადიციული ქართული ”საქმის გაკვაჭვის” გარეშე მოხდება ეს ყოველივე. ეს ის შემთხვევაა, როცა ”საქმის გაკვაჭვა” სერიოზულად ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებს და ეს არაფრით არ უნდა დავუშვათ. მე და ”ბრავო რექორდსს” გვქონდა ბედნიერება ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი გვეკეთებინა გენიალურ ნიკა რაჭველთან და მისი ბრწყინვალე ორკესტრის მუსიკოსებთან ერთად და დარწმუნებული ვარ, რომ მას და მის გუნდს შეუძლიათ უმოკლეს ვადებში, რადიკალურად სასიკეთოდ შეცვალონ დიდი საკონცერტო დარბაზის სვე-ბედი. მინდა მჯეროდეს, რომ ჩემი და ჩემს გარდა ხელოვნების სფეროში მოღვაწე ბევრი წონიანი და ავტორიტეტული სხვა ადამიანების აზრი გათვალისწინებული იქნება”, – წერს ზაზა შენგელია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მისივე თქმით, აღმაშფოთებელია, როცა ჩინოვნიკი თავს უფლებას აძლევს, შანტაჟის და მუქარის ენით ელაპარაკოს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე უფრო ნიჭიერ, წარმატებულ და მსოფლიოში აღიარებულ ხელოვან ნიკა რაჭველს.

“მან პრაქტიკულად ნულიდან შექმნა მსოფლიო სტანდარტების დონეზე მომუშავე უნიკალური, შეკრული, ძალიან საინტერესო და ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსებით დაკომპლექტებული ორკესტრი, რომელმაც არაერთი საოცარი პროექტი განახორციელა როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების მუსიკალურ სცენებზე. არცერთ ჩინოვნიკს არ გაუკეთებია იმდენი საქართველოსთვის და მისი კულტურისთვის, რამდენიც ნიკა რაჭველმა”, – აცხადებს შენგელია.

მისივე შეფასებით, ზოგ ადამიანს არ ესმის, რომ ნიკა რაჭველის დატუქსვა და მისი თანამდებობიდან მოხსნის მუქარა, ძალიან ცუდია. ასევე არ ესმით, თუ რატომ დადგა მათთვის დარბაზის ჩამორთმევის საკითხი და რატომ ითხოვს საქართველოს ფილარმონიული ორკესტრი დარბაზის გადაცემას, არც ის ესმით, თუ როგორ ”მოკლეს” საქართველოს მთავარ დარბაზში საკონცერტო ცხოვრება. 

მსგავსი თემები