,,ყველამ უნდა გაითავისოს, რომ საქართველოში სამართალი არ იყიდება” – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილთან შესული პოლონელი ექიმების სკანდალს გამოეხმაურა. რატი ბრეგაძის განცხადებით, ეს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის ნაწილია.

„პირდაპირ მიმდინარეობს კამპანია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, იმისთვის, რომ საქართველო და ქართველი ხალხი დაზარალდეს. არსებობს ძალები, რომლებიც ვერ ეგუებიან საქართველოში მშვიდობას. ერთხელ და სამუდამოდ, ყველამ უნდა გაითავისოს, როგორც ადგილობრივმა, ისე უცხოელმა, რომ საქართველოში სამართალი არ იყიდება. ის ან არის, ან არა“, – განაცხადა ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდადებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის მალულად გატანას.

პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი.

პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.

პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებით, პოლონური მხარე იმედოვნებს ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობის უცვლელად გაგრძელებას და გამოთქვამს მზადყოფნას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ქართველი პარტნიორებისა და მიხეილ სააკაშვილის დახმარებას.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.

მსგავსი თემები