A კატეგორიის ტაქსები პრივილეგიებით ისარგებლებენ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, A კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლები პრივილეგირებულნი იქნებიან – ქალაქში მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური ადგილები პარკინგისთვის, სადაც არანაირი გადასახადი არ ექნებათ. ასევე, აქვთ შესაძლებლობა, რომ თავიანთ ავტომობილზე განათავსონ რეკლამა და შემოსული თანხები მათი საკუთრება იქნება.

დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ის სპეციალური მანათობელიც წარადგინა, რომელიც A კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს მუნიციპალიტეტისგან უფასოდ გადაეცემა. ერთიანი ვიზუალური სტანდარტის მანათობლები ღამის საათებში წითლად იქნება განათებული, იმ შემთხვევაში, როდესაც ტაქსი დაკავებულია.

კახა კალაძის განცხადებით, B კატეგორიის ლიცენზიანტებს არ აქვთ ვალდებულება ტაქსის გადაღებვის და მანათობლის დაყენების. A კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს, ვალდებულნი არიან ჰყავდეთ თეთრი ავტომობილი, რომელსაც ფინანსურად თბილისის მერია უზრუნველყოფს.

„ B კატეგორიის ლიცენზიანტებს შესაძლებლობა აქვთ, „ტაქსიფაის“ და „უბერის“ სისტემაში გაერთიანდნენ და ამ სისტემით მოემსახურონ დედაქალაქის მოსახლეობას. რაც შეეხება A კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს, მათ აქვთ ვალდებულება, ყავდეთ თეთრი ავტომობილი. ავტომობილის გადაღებვის თანხებზე ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა და მათ არცერთი თეთრის გადახდა არ მოუწევთ. ამ პროექტს ტენდერში გამარჯვებული სარეკლამო კომპანია განახორციელებს. პირველი, რაც მნიშვნელოვანია, ტაქსის მძღოლს გავლილი უნდა ჰქონდეს ტექნიკური ინსპექტირება და ორ კვირაში უნდა მიმართოს შესაბამის კომპანიას,” – განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

მსგავსი თემები