ვცდილობთ, ყველა პრობლემა ისე მოვაგვაროთ, რომ არსებული რეგულაციები ტაქსის მძღოლებს ტვირთად არ დააწვეთ – მამუკა მუმლაძე

„ვითვალისწინებთ როგორც მგზავრის, ასევე ტაქსის ბიზნესში ჩართულ პირთა ინტერესებს, მიმდინარეობს მათთან კომუნიკაცია და ვცდილობთ, ყველა პრობლემა ისე მოვაგვაროთ, რომ არსებული რეგულაციები ამ ადამიანებს ტვირთად არ დააწვეთ და ზედმეტი პრობლემა არ შეექმნათ, – ამის შესახებ “მედიცენტრ მთავართან” თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ, ტაქსის მძღოლების მიმდინარე აქციის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის სატრანსპორტო სამსახურის პოლიტიკა მგზავრის მომსახურების ხარისხზეა ორიენტირებული და არ ეფუძნება ტაქსის რაოდენობის შემცირებას.

“არიან ტაქსისტები, რომლებსაც გარკვეული მიზეზების გამო, არ უნდათ, რომ გადაღებონ ავტომობილი და არიან ისეთებიც, რომლებისთვისაც ეს საქმიანობა დამატებით შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.

ასეთი ადამიანებისთვის სისტემა არ ჩაგვიკეტავს, პირიქით, გახსნილი იქნება იმ კუთხით, რომ არ მოხდეს ის, რაც მიკროავტობუსების შემთხვევაში მივიღეთ, როცა ყველა მიკროავტობუსი ერთი კომპანიის ხელში აღმოჩნდა. კომპანიები, რომლებსაც ტაქსები ჰყავთ და აყვანილი ჰყავთ სამსახურში მძღოლები, აძლევენ ნებართვას მათ კომპანიის კუთვნილ ავტომობილზე, ანუ თავისუფლება შევქმენით ამ ნაწილში. პირველ ეტაპზე, ტექნიკური მოთხოვნის ვალდებულება არ გავაჩინეთ, თუმცა მეორე ეტაპზე ტექდათვალიერების გავლა აუცილებელია.

„ბ“ კატეგორიის მძღოლს არ მოეთხოვება აუცილებლად თეთრი ფერის ავტომობილი ყავდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში მას არ ექნება უფლება, ტაქსის ნიშანი განათავსოს ძარაზე და მგზავრი აიყვანოს გზიდან.  შეუძლიათ იმუშავონ სატელეფონო გამოძახებით ან აპლიკაციების საშუალებით, ჰყავდეთ მუდმივი მომხმარებელი, იმუშავონ ტაქსის ნებისმიერ კომპანიაში, განათავსონ სხვადასხვა კომპანიის რეკლამა თავიანთ ავტომობილზე და ამით მიიღონ დამატებითი შემოსავალი,  თუმცა ორივე კატეგორიის ტაქსის მძღოლს მოეთხოვება, ოთხკარიანი და მარცხენასაჭიანი ავტომობილით იმოძრავოს”.

როგორც თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი აცხადებს, თუ მძღოლს უნდა, რომ „ა“ კატეგორია აირჩიოს, ეს არის ჩვეულებრივი ტაქსი, რომელსაც აქვს უფლება, განათავსოს ტაქსის ნიშანი ძარაზე, მგზავრი აიყვანოს როგორც ჩვეულებრივ გზიდან, ასევე ტელეფონისა და აპლიკაციის საშუალებით და მოემსახუროს იმ სტანდარტული მომსახურებით, როგორც ხდება. ამ შემთხვევაში ტაქსი უნდა იყოს აუცილებლად თეთრი ფერის.

მისივე თქმით, დედაქალაქში უკვე შეიქმნა ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილი ადგილები, სადაც შეუძლია “ა” კატეგორიის ტაქსის მძღოლს, ავტომობილი უსასყიდლოდ დააყენოს.

“ჩვენ უკვე შევქმენით ტაქსების პარკირებისთვის სპეციალურად  განკუთვნილი ადგილები დედაქალაქში “ა” კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის, სადაც შეუძლიათ მათ, ავტომობილი უსასყიდლოდ დააყენონ.

აქამდე ტაქსის მძღოლებს სპეციალური ადგილი არ ჰქონდათ, ჩვეულებრივ პარკირების ადგილს იყენებდნენ და საფასურსაც იხდიდნენ. დღესდღეობით უკვე მხოლოდ ლესელიძის ქუჩის მიმდებარედ, მათთვის 12 უფასო პარკირების ადგილი დავამატეთ. გვაქვს ასეთი ლოკაციები თბილისის სხვადასხვა გადატვირთულ უბანში, რაც ჩვენს საიტზეა განთავსებული და თითოეული ახალი ლოკაციის მისამართი ჩამონათვალს მუდმივად ემატება. ეს ადგილები მხოლოდ ტაქსებისთვისაა განკუთვნილი და სხვებმა არ უნდა დაიკავონ.

ამჟამად ტაქსის ნიშანზე გვაქვს გამოცხადებული ტენდერი. ნიშანს ორი ტიპის ნათება ექნება, – მწვანე და წითელი. მწვანე ნათება მიგვანიშნებს, რომ ტაქსი თავისუფალია, წითელი კი – პირიქით, რასაც ერთჯერადად „ა“ კატეგორიის მძღოლებს უსასყიდლოდ გადავცემთ”, – აცხადებს მამუკა მუმლაძე “მედიაცენტრ მთავართან”.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან ტაქსის მძღოლები რუსთაველის გამზირსა და რესპუბლიკის მოედანზე აქციას მართავენ და ახალი რეგულაციების 2025 წლამდე გადავადებას მოითხოვენ.

მსგავსი თემები