ქობულეთში მწვანე ქალაქი აშენდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქობულეთში, ნახევარ მილიარდიანი პროექტის განხორციელება იწყება.

ქობულეთში, ახალი მწვანე ქალაქი აშენდება, სადაც განთავსებული იქნება გოლფის მოედნები, საფეხბურთო მოედნები, საჩოგბურთო კორტები, საცურაო აუზები, გასართობი და რეკრეაციული ზონები. ამასთან, აშენდება 250-ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზებითა და დასასვენებელი ინფრასტრუქტურით, რომელსაც საერთაშორისო ბრენდი მართავს.

„ჩვენ ვსაუბრობთ FIFA-ს სტანდარტების საფეხბურთო მოედნებზე, საჩოგბურთო კორტებზე და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კარგ გოლფის ინფრასტრუქტურაზე. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველოში მოვიზიდოთ ის ტურისტები, რომლებიც დღეს ვერ განიხილავენ საქართველოს ტურისტულ ცენტრად იმის გამო, რომ ჩვენ არ გვაქვს ეს ინფრასტრუქტურა. ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ მასშტაბურ ინვესტიციაზე, რომელიც აჭარის ოთხ სეზონიან კურორტად გადაქცევას უზრუნველყოფს. ვსაუბრობთ ისეთ მასშტაბურ პროექტზე, რომელიც იქნება ნამდვილი მარგალიტი მთელი შავი ზღვის აუზში. რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ სწორედ საქართველო დაიმკვიდრებს ადგილს როგორც ლიდერი ქვეყანა ტურიზმში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან კიდევ უფრო მეტი ინვესტიციების მოზიდვის საშუალებას იძლევა.

“მე მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს ინვესტორებს, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოში ეს უპრეცენდენტო ინვესტიცია განეხორციელებინათ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციები იზრდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. მოგეხსენებათ, რომ ის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებობს, იძლევა საუკეთესო შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიციები მოვიზიდოთ ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მულტიფუნქციური მწვანე ქალაქის მშენებლობა ქობულეთში 180 ჰექტარზე იგეგმება, რაშიც კომპანია „გრინ რეზორთი“ 500 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. მშენებლობისას და ოპერირებისას დასაქმებული იქნება 500 ადამიანი.

მსგავსი თემები