რეგიონებში სპორტის მასწავლებლების გადამზადება დაიწყო

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლების გადამზადებისა და პროფესიული უნარების გაუმჯობესების ტრეინინგები მიმდინარეობს.

როგორც სამინისტროში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სწავლების გაძლიერების პროექტის ფარგლებში, სპორტის მასწავლებლებისთვის პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობები ამჯერად გორის პირველ საჯარო სკოლაში ჩატარდა.

“გორის სკოლაში გამართულ სემინარს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ექსპერტი გია ბეგიაშვილი და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი, სპორტის დამსახურებული მწვრთნელი ხელბურთში მერაბ მეტრეველი უძღვებოდნენ,” – განაცხადეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

​თბილისსა და რეგიონებში მიმდინარე ტრეინინგების მიზანია პროექტის – „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სწავლების გაძლიერება“ – განვითარება და სამომავლო გაფართოება, რომელიც ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მიზნით ხორციელდება.

მსგავსი თემები