“სამართლიან მოთხოვნას მიხეილ გიორგაძემ ნიკოლოზ რაჭველის დამცირებით უპასუხა” – ეროვნული მუსიკალური ცენტრი

საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის ადმინისტრაცია განათლების, კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძეს, ნიკოლოზ რაჭველის მისამართით გამოთქმული შეფასების გამო, განცხადებით პასუხობს და აცხადებს, რომ მინისტრის მოადგილემ, ეროვნული ორკესტრის სამართლიან მოთხოვნას, ნიკოლოზ რაჭველის დამცირებითა და მუქარით უპასუხა.

მათი თქმით, მიხეილ გიორგაძეს არ აწუხებს ის ფაქტი, რომ დარბაზი წელიწადში თითქმის 300 დღე უმოქმედოდ დგას და სრულ დეგრადაციას განიცდის სფერო, რომელიც დიდი წარმატებით უნდა ვითარდებოდეს.

„კულტურისა და განათლების მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძემ ორკესტრის სამართლიან მოთხოვნას საკონცერტო დარბაზით უზრუნველყოფის შესახებ, ნიკოლოზ რაჭველის დამცირებითა და მუქარით უპასუხა. მან დღეს გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ ნიკოლოზ რაჭველს დაემართა გიგანტომანია და რომ შესაძლოა ორკესტრის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. იგი აგრეთვე, შეეცადა ციფრებით მანიპულირებას.

1. მიხეილ გიორგაძეს თბილისის საკონცერტო დარბაზი რატომღაც გიგანტური მოეჩვენა ეროვნული ორკესტრისთვის და არანაირ დისკომფორტს არ უქმნის ის ფაქტი, რომ დარბაზი წელიწადში თითქმის 300 დღე უმოქმედოდ დგას და სრულ დეგრადაციას განიცდის სფერო, რომელიც ყველა ქვეყანაში დიდი წარმატებით ვითარდება.

2. სამარცხვინოა, რომ 2014 წლიდან მოყოლებული კულტურის სამინისტროს სათავეში მდგარმა ადამიანმა ისიც კი არ იცის, თუ რა დებულებით იმართება სსიპ საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი, რომლის მიხედვითაც ნიკოლოზ რაჭველს ის ვერც დანიშნავს და ვერც მოხსნის, რადგან ეს კომპეტენცია მხოლოდ ეროვნულ ორკესტრს და სამხატვრო საბჭოს გააჩნია გია ყანჩელის ხელმძღვანელობით. ნიკოლოზ რაჭველი 2017 წლის 4 დეკემბერს 4 წლის ვადით ხელმეორედ იქნა არჩეული ეროვნული ორკესტრის მიერ.

3. რაც შეეხება ციფრებით მანიპულირებას, 2018 წლის აპრილში პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მიერ მიხეილ გიორგაძეს და ცენტრის ხელმძღვანელობას დაევალა დარბაზის აშენებასთან დაკავშირებული ხარჯებისა და სხვა დეტალების მოკვლევა გამოცდილი არქიტექტორული კომპანიების ბაზაზე, საიდანაც გაირკვა, რომ სიმფონიური მუსიკისთვის განკუთვნილი დარბაზის მშენებლობა 40-45 მილიონი ევროს ინვესტირებას მოითხოვდა.

4. ჩვენ იმთავადვე მიგვაჩდა და დღესაც მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში, სადაც თანამედროვე სტანდარტებს ვერ პასუხობს მთავარი ფილარმონიული დარბაზი და ვერ ხდება მისი სრული დატვირთვა, მიზანშეწონილია მისი განახლება და ფილარმონიული ორკესტრის სწორედ ამ შენობაში დაბინავება და არა სახელდახელო უხარისხო საკონცერტო დარბაზის აშენება“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელის განცხადება, რომ თითქოს ორკესტრი უსახლკაროა, სპეკულაციაა და სიმართლეს არ შეესაბამება და რჩება შთაბეჭდილება, რომ ნიკოლოზ რაჭველმა დაჩაგრული, გაუბედურებული ხელმძღვანელის მანტია მოირგო.

მსგავსი თემები