საზოგადოება დაინახავს, რომ მოსამართლეობის კანდიდატები არიან ღირსეულები – ლევან მურუსიძე

  •  

მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ, ჟურნალისტებთან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანონპროექტი შეაფასა და განაცხადა, რომ როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ისარგებლა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით და წარადგინა 10 კანდიდატი, ამით ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლო სისტემას.

“როდესაც წლების განმავლობაში ხან ერთი პრეზიდენტი, ხან მეორე წარმოადგენდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტში, არც არასამთავრობო ორგანიზაციებს, არც პატივცემულ დეპუტატებს, არავის არ გასჩენია სურვილი, ისინი რაიმე კრიტერიუმით შერჩეულიყვნენ”, – განაცხადა მურუსიძემ.

მისი თქმით, რაც მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულ კანონპროექტში მოსწონს, არის მხოლოდ ის, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი იქნება ღია.

„დარწმუნებული ვარ, როდესაც საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატები წარდგებიან პარლამენტში და როდესაც ისინი გასცემენ ყველა შეკითხვას პასუხს, საზოგადოება დაინახავს, რომ ისინი არიან ღირსეული კანდიდატები”, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს, დიპლომატიური კორპუსისა და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებს შეხვდა.

მსგავსი თემები