“გამოცდილი, სუფთა და უნაკლო ადამიანების პოვნა ძნელია​” – ირაკლი ოქრუაშვილი

​თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ყველა სერიოზული საქმისათვის საჭიროა სწორი ადამიანების შერჩევა და მონოლითური გუნდის შექმნა, მაგრამ ხშირად, არჩევანი მწირია, რადგან გამოცდილი, სუფთა და უნაკლო ადამიანების პოვნა ძნელია.

“ჩემდამი ბევრ სხვა პრეტენზიასთან ერთად ყოველთვის მესმოდა შემდეგი: გარემოცვა და გუნდი არ უვარგა, რად უნდოდა ქარელი, პადოშა, ბესელია და ა.შ. ყოველთვის, როდესაც რაიმე სერიოზულს ვიწყებდი, ადამიანებს ვარჩევდი იქიდან საიდანაც შეიძლებოდა არჩევა. ასარჩევად საქმე კი არასდროს არ მქონდა, რადგან სუფთა, წესიერი, გამოცდილი და “უნაკლო” ადამიანები, როდესაც საქმე რისკიან გეგმებს ეხებოდა, მორალისტობდნენ, იმალებოდნენ და ბუჩქებიდან ყურებას ამჯობინებდნენ, რათა შემდეგ ამის გამო ვეკრიტიკებინე”, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მისივე თქმით, იწყებს გუნდის შექმნას, რომელმაც ქვეყანას ცვლილება უნდა მოუტანოს. ადამიანებს არ შეარჩევს პოლიტიკისათვის დამახასიათებელი კლიშეებითა და სტერეოტიპებით, ანუ აუცილებელი არა არის ადამიანი პოლიტიკოსი იყოს ან ერკვეოდეს პოლიტიკაში. მთავარი კრიტერიუმია ქვეყნის სიყვარული.

“კარგად მესმის, რომ დიმიტრი გელოვანის პოვნა შეუძლებელია. მოკლედ და კონკრეტულად, ვისაც ქვეყანა სტკივა კეთილი იყოს იმ ადამიანების მობრძანება. მერე არ დამიწყოთ ეს რატომ გყავს ან ის რატომ გყავსო. თუ ცვლილება გინდათ თქვენ თვითონვე შეგიძლიათ და გელით. ერთ ცხოვრებისეულ დასკვნამდე მივედი. კაცები, როგორც წესი, პოლიტიკაში და არამარტო პოლიტიკაში, არაფრისმაქნისები არიან. ამიტომ, განსაკუთრებით კეთილი იყოს შემტევი, ჭკვიანი, საქმისადმი ერთგული და პატრიოტი, ცნობადი და არაცნობადი ქალების მობრძანება. გნებავთ აქ მომწერეთ, გნებავთ მტრედს გამოატანეთ წერილი. ფიქრისათვის სამი კვირა გაქვთ”, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქში და აკონკრეტებს, რომ დღეს, ფეისბუქში “განწმენდის” დღე მოაწყო, რამდენიმე “ფრენდი” წაშალა.

“ქოცები თავისით მტოვებენ, ნაცები კი ალყაში მაქცევენ”, – წერს ოქრუაშვილი. 

მსგავსი თემები