ეკა ბესელიამ შეცდომით, მისივე სალანძღავი sms-შეტყობინება მიიღო

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ მისი სალანძღავი ტექსტი, ყოფილმა თანაგუნდელმა მამუკა მდინარაძემ შეცდომით, “ვოთსაფში” სწორედ მას გაუგზავნა.

როგორც დეპუტატი აცხადებს, ეს ტექსტი ზუსტად ის მესიჯებია, რასაც უმრავლესობის დეპუტატები მთელი დღის განმავლობაში სიტყვა-სიტყვით იმეორებენ.

„მე რომ არ მეხებოდეს, ამ საკითხს საჯაროდ არც გამოვიტანდი. თუმცა, კონკრეტული მესიჯი, რომელიც შეცდომით მომივიდა, მე მეხება. ბედის ირონია რა არის ნახეთ… როგორც ჩანს, მამუკა მდინარაძე რამდენიმე ადამიანს მესიჯს უგზავნიდა და შემთხვევით, ჩემს ტელეფონზე გამოგზავნა „ვოთსაფში“. თავში ეწერა ეკა ბესელია და იწყება ლანძღვა-გინება. როცა წავიკითხე, მივხვდი, რომ ჩემთან შეცდომით გამოგზავნა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში.

ბესელიას თქმით, შეტყობინების გამომგზავნს მან საპასუხო შეტყობინებით უპასუხა და კითხვა შეუბრუნა: – ეს მესიჯი მე გავასაჯაროვო? რასაც მოჰყვა ახსნა -განმარტებები და ბოდიშები, – ამბობს ბესელია.

​როგორც დეპუტატმა აღნიშნა, რწმუნდება, რომ მის წინააღმდეგ დაგეგმილი ქმედებები „ქართული ოცნებიდან“ მოდის. თუმცა, არ აკონკრეტებს და თავს იკავებს ისაუბროს, ამ ქმედებებში გულისხმობს თუ არა მის წინააღმდეგ ფარული კადრების გავრცელებას.

„ამაზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაზარალებულად ვარ ცნობილი. ამაზე ანალიზს ვაკეთებ და მოგვიანებით ვისაუბრებ”, – განაცხადა ბესელიამ.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა მამუკა მდინარაძემაც და შეტყობინების შეცდომით გაგზავნის ფაქტი დაადასტურა: “დიახ, იყო ასეთი ფაქტი. თანაგუნდელებისთვის არა, ხშირად დამართნია ყველას რომ, შემთხვევით სხვისთვის გაუგზავნია მესიჯები. ნინო წილოსანმა მკითხა დღეს, რა მესიჯები გახმოვანდაო და მე ვუთხარი, რომ ახლავე ჩავუგდებდი ამ მესიჯებს. როგორც ჩანს ბესელიაზე, ალბათ, ბევრს ვფიქრობ და მას გადავუგზავნე”, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მისივე თქმით, მესიჯი სალანძღავი შინაარსის არ ყოფილა, მხოლოდ დღეს არსებულ პოზიციებზე იყო საუბარი.  


მსგავსი თემები