268 სინჯიდან, ყოველ მე-5-ში ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა

  •  

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი აცხადებს, რომ სისხლში ტყვიის ჭარბი რაოდენობა ქვეყნის მოქალაქეებში სერიოზული პრობლემაა. თბილისის მასშტაბით ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 268 სინჯიდან, ყოველ მე-5-ში ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა. მათ შორის, საუბარია ქუჩის მტვერში ტყვიის არსებობაზეც.

​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ეკა ლალიაშვილმა განუცხადა, ტყვიის შემცველობა აღმოჩენილია სამშენებლო და სარემონტო მასალებიდან, სათამაშოებიდან, საჭმლის სუნელებიდან, კოსმეტიკური პროდუქციიდან და სხვა ნივთებიდან აღებულ სინჯებში.

“დღეს ვიცით, რომ სათანადოდ არ მოწმდება ქვეყანაში შემოსული იმპორტირებული საქონლი.  აღმოჩნდა, რომ ტყვია გარემოში, ჭარბი რაოდენობით არის, რაც პირდაპირ ადამიანის სისხლში აისახება, განსაკუთრებით ბავშვებში. კვლევაში ის ოჯახები მონაწილეობდნენ, რომლიც ერთ წევრს მაინც აღმოაჩნდა სისხლში ტყვიის შემცველობა. ვიკვლევდით წყაროებს”, – განუცხადა ეკა ლალიაშვილმა “მთავარს”. 

მისივე თქმით, მისასალმებელია მთავრობის ინიციატივას, რომ საკითხი საკანონმდებლო დონეზე მოგვარდეს. ასევე, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადება, რომ ბავშვებში ტყვიის მონიტორინგთან და წყლის ხარისხის საკითხთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებებია დასაგეგმი.

ეკა ლალიაშვილის ინფორმაციით, იანვარ-მარტში, ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია 2 აპრილს, სასტუმრო “იოტაში” გაიმართება.  კვლევაში ჩართული იყვნენ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, “მწვანე ალტერნატივა“, „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, „საქართველოს კვლევებისა და განვითარების ცენტრი“, „ხარისხის ლაბორატორია“, აქტიური მოქალაქეები და მოხალისეები, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციაში მუშაობენ. ინიციატივის მხარდამჭერია ფონდი „ორბელიანი საქართველო“.

მსგავსი თემები